„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ უფრო იკლებს:
„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი…
ამ დროს, სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება… ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.
ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან არის მაინც ცეცხლის შეწყვეტა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს. ეს რაღაც მანევრის საშუალებას კიდევ უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა,“ – გვიყვება ვალერი ჩეჩელაშვილი.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:
- ბატონო ვალერი, რას ნიშნავს ბენზინის დეფიციტი რუსეთისთვის, რომელსაც „დიდ ნავთობგასამართ სადგურს“ ეძახდნენ? დღეს როიტერსი წერდა, რომ ინდოეთიდან დაიწყო რუსეთმა ბენზინის შესყიდვა.
ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი, ნავთობს საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებად ყიდის ინდოეთსა და ჩინეთში და იქიდან ძვირად უნდა შემოიტანოს ბენზინი. ეს ხდება იმიტომ, რომ შეიქმნა ბენზინის დეფიციტი უკრაინელების დარტყმების შედეგად.
უნდა ითქვას, რომ ამ დარტყმებამდე რუსეთის ფედერაცია 10 %-იანი მარაგით, ანუ 10 %-ით მეტ ბენზინს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა ქვეყანაში. ბენზინის ექსპორტს რუსეთი, როგორც იცით, არ აწარმოებდა. ახლა კი, დაახლოებით ნახევარი წარმოება დაზიანებულია. შესაბამისად, შეიქმნა ძალიან სერიოზული დეფიციტი, პირველ რიგში, ყირიმში და არა მხოლოდ ყირიმში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, რადგან, ბუნებრივია, უკრაინელები ურტყამენ ევროპულ ნაწილს.

ვალერი ჩეჩელაშვილი
ეს რით მძაფრდება კიდევ? – იმით, რომ ეს ბენზინი ესაჭიროებათ სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის.
კილომეტრიანი რიგების გარდა, სერიოზული კომპონენტი ემატება ამას: ახლა არის მოსავლის აღების დრო. რუსები წუწუნებენ იმაზე, რომ არ აქვთ საწვავი და შეიძლება, ვერ აიღონ მოსავალი. ეს თავისთავად უქადის რუსეთს სერიოზულ პრობლემებს მომავალში სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
- ეს ყველაფერი მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებია რუსეთისთვის, თუ თავისთავად აისახება პუტინის რეჟიმზე?
თითქოსდა ეკონომიკური პრობლემებია, მაგრამ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის საზოგადოების განწყობებზე. პირველად გამოჩნდა გასაკვირი ციფრი: ბოლო კვლევებით, რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის 81 % არ იქნებოდა წინააღმდეგი, შეწყდეს სამხედრო სპეციალური ოპერაცია, მხოლოდ 14 % უჭერს მხარს მის გაგრძელებას.
ამ კრიზისს ჯერჯერობით არბილებს რუსეთში დიზელის წარმოება – დიზელის წარმოება არის 100 %-იანი მარაგით. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების შემდეგ, რუსეთი დიზელის წარმოებით დღესაც კი აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს. ეს მეტ-ნაკლებად არბილებს საწვავის კრიზისს და სიმძაფრეს არ აძლევს მას, მაგრამ უკრაინელები ხომ არ გაჩერდებიან? უკრაინელები განაგრძობენ წარმოებების დაზიანებას, როგორც ბენზინის, ისე დიზელის.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი.
ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა, როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში.
რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით ორნახევარი ტრილიონი დოლარია, ანუ შიდა ეროვნული პროდუქტი. ბენზინი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეკონომიკური ეფექტი? შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ისე, რომ რუსეთში პენსია ვეღარ დარიგდეს?
საწვავის დეფიციტი ურტყამს ბიზნესს და ბიზნესი თუ ვერ ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ის გადასახადებს ვერ გადაიხდის. თუ გადასახადები ვერ გადაიხადა ბიზნესმა, შესაბამისად, საპენსიო ფონდი ვერ შეივსება და შეიძლება, პენსიების გაცემის პრობლემები შეიქმნას.
სხვათა შორის, რუსებმა ასწიეს დღგ, მოგების გადასახადი, მაგრამ გადასახადების დავალიანება აღწევს უკვე ხუთ ტრილიონ დოლარს. გადასახადების გაზრდამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ამოიღონ გადასახადები იმდენი მაინც, რამდენიც თუნდაც გაზრდამდე იყო.
ამას ერთვის, მაგალითად, ინტერნეტის პრობლემები. დღევანდელ პირობებში ინტერნეტის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ბიზნესის განვითარება? ბიზნესის კონკრეტული დარგების ფუნქციონირება შეუძლებელიცაა ინტერნეტის გარეშე.
- მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზარდეს დღეს ბაჟის გადასახადი. ამ გზითაც ცდილობენ რუსები დანაკლისის კომპენსირებას?
ბაჟის გადასახადი თუ გაზარდეს, ესე იგი ელოდებიან ამის დეფიციტს და ამ დეფიციტის აღმოფხვრის მცდელობაა ბაჟის გაზრდა. ბენზინის და დიზელის ექსპორტი საერთოდ აკრძალეს პრინციპულად.
- თქვენ აღნიშნეთ, ამ ეკონომიკური კრიზისით იცვლება რუსეთში საზოგადოების განწყობაო, მაგრამ რუსეთში ხომ დემოკრატია არ არის? რამდენად ანგარიშგასაწევი შეიძლება გახდეს ეს უკმაყოფილება პუტინის დიქტატურისთვის?
საზოგადოების განწყობები ჯერ გადამწყვეტი არაა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დინამიკაზე. გახსოვთ, ადრე როგორი იყო განწყობა, მაგალითად, რუსეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში? – ეს ომი არის სადღაც შორს, ჩვენ არ შეგვეხება, არაფერ შუაში ვართ. ახლა ირკვევა, რომ ასე არაა – ომი მოვიდა ჩვენთან, ომი მოვიდა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში მოვიდა. ეს არ იყო იმ სოციალური კონტრაქტის ნაწილი, რომელიც პუტინმა დადო რუსეთის მოსახლეობასთან და ბიზნესთან: თქვენ არ ჩაერიოთ პოლიტიკაში და მე თქვენ შეგიქმნით კომფორტს.
შესაბამისად, ეს სოციალური კონტრაქტი დაირღვა და ამით უკმაყოფილება იზრდება. მე არ მახსოვს, რომ ასე ღიად „Z-ბლოგერები“ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ „პუტინი შეცდომებს უშვებს“, „ის უნდა წავიდეს“. ძალიან აგრესიული ბლოგები იწერება რუსების მხრიდან იმ პირობებში, როდესაც ასეთი მკაცრი კონტროლია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ФСБ-ს, ФСО-ს მხრიდან.
- უშვებთ, რომ პროტესტი რუსეთში შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ ამას ვეღარ მოერიოს პუტინის რეჟიმი, ვეღარ გააჩუმოს?
სოციალური პროტესტის სერიოზულ, მზარდ ნიშნებს ვხედავთ რუსეთში.
სოციალური პროტესტის ზრდა რომ აღმოიფხვრას და ამის შეკავება მოახერხოს პუტინმა, მან მინიმუმ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემები. როგორ გადაწყვეტს, როდესაც ბენზინის წარმოება დანგრეულია? იმპორტით შემოტანა ძალიან ძვირია და ეს იქნება მხოლოდ შეზღუდული ხასიათის. პრინციპში, ერთადერთი საშუალება ამ პრობლემებს რომ მოევლოს, არის ცეცხლის შეწყვეტა.
- მაგრამ ეს პოლიტიკურად წამგებიანია პუტინისთვის, შეიძლება დამღუპველიც კი იყოსო – პოლიტოლოგები ამბობენ.
კი ბატონო, მაგრამ მაშინ პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ.
ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას.
პუტინმა საკუთარი თავი თვითონ ჩააყენა ამ მდგომარეობაში. დაახლოებით 6-7 თვის წინ ტრამპი ამბობდა, რომ დიახ, მშვიდობაა საჭირო, მაგრამ ყველა უნდა წავიდეს დათმობებზე, მათ შორის, უკრაინასაც მოუწევს დათმობა, ტერიტორიების დათმობაც და სხვაგვარად არ გამოვაო. დაახლოებით ამას ამბობდა ტრამპი. დღეს კი, ტრამპმა მოაწერა ხელი „დიდი შვიდეულის“ დოკუმენტს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელმომწერი ქვეყნები – 7 უძლიერესი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასე რომ, პუტინმა ხელიდან გაუშვა ყველაზე კარგი მომენტი საიმისოდ, რომ ეს ბარბაროსული ომი დაემთავრებინა.
ტრამპი ისე იყო განწყობილი, რომ მოახდენდა სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე. ტრამპის ზეწოლის პირობებში და იმ პირობებში, რომ, მაგალითად, აღარ მიაწვდიდა იარაღს თუნდაც ევროპელების ნაყიდს და ასე შემდეგ, აი, ეს შანსი ჰქონდა პუტინს, რაც მან არ გამოიყენა. იფიქრა, რომ არა, მე ახლა უფრო მეტის გაკეთება შემეძლება, მაგრამ მან ვერ გათვალა ზელენსკის და უკრაინის მედეგობა, ვერც ის, რომ ახალ ტექნოლოგიებში უკრაინა აჯობებდა რუსეთს და შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს.
- დასავლეთი ასევე ერთსულოვანია რუსეთის დასანქცირების პოლიტიკის მიმართ. რუსეთის იზოლირების გარდა, ესეც აძლიერებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს რუსეთში?
რა თქმა უნდა, სანქციები არავის არ გაუუქმებია. ევროპა ყოველი ექვსი თვით აგრძელებდა სანქციებს პუტინის მიმართ, ამჯერად პირველად გააგრძელა ერთი წლის ვადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს გაცილებით მეტად სჯერათ უკრაინის წარმატების ამ ომში და, შესაბამისად, უფრო მკაცრ პოზიციას იკავებენ რუსეთის მიმართ. მე აღარ ვამბობ ამ მილიარდების დამატებაზე და დახმარებაზე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდან. ნატოს სამიტი იქნება რამდენიმე დღეში და იქაც არის ლაპარაკი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის ათეულობით მილიარდის დამატებაზე.
სხვათა შორის, ახლა მოხდა ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი: უკრაინამ პირველად ამ ომის მიმდინარეობისას ჯავშანტექნიკის რაღაც მანქანებზე, რომელსაც აწვდიდა დანია, უარი თქვა იმიტომ, რომ აღარ ესაჭიროება ეს მანქანები ფრონტის ხაზზე. შეიძლება, უკრაინას უკვე სხვა უკეთესი შესაძლებლობები აქვს და ჩათვალა რომ არ ესაჭიროება. წარმოიდგინეთ, ეს როგორი თვისებრივი მაჩვენებელია? უკრაინას ასარჩევად აქვს უკვე საქმე.
ამ დროს სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება იმიტომ, რომ ომს უნდა დაფინანსება, დაფინანსებას უნდა ახალი ვალები, ამ დროს არის საბიუჯეტო კრიზისი, გადასახადების აკრეფაში პრობლემებია, საბანკო კრიზისია – აღებულ კრედიტებს ვერ აბრუნებენ იურიდიული პირები. შესაბამისად, ბანკებს ექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემა.
ახალი სესხები რუსეთმა შეიძლება აიღოს მხოლოდ შიდა ბაზარზე, მაგრამ მისი შიდა ვალი უკვე აღწევს იმ დონეს, როდესაც მოზიდული სახსრები ძლივს ჰყოფნის ძველი ვალის მომსახურებას, ანუ ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.
ეს ყოველივე ემატება ცუგცვანგის მდგომარეობას – ყოველი შემდეგი ნაბიჯი არის შექმნილი ვითარების გაუარესება. პუტინის თავში როგორ ჩაიხედავ, მაგრამ პრინციპში ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან მაინც ცეცხლის შეწყვეტაა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს.
ეს კიდევ რაღაც მანევრის საშუალებას უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა.






