მთავარი,სიახლეები

რატომ ანდობს ვივამედს „ოცნება“ პატიმრებს – სახიფათოა ელენე ხოშტარიასთვის ეს კლინიკა და მისი დირექტორი?

01.07.2026
რატომ ანდობს ვივამედს „ოცნება“ პატიმრებს – სახიფათოა ელენე ხოშტარიასთვის ეს კლინიკა და მისი დირექტორი?

„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ.

რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ გააკეთა სატელევიზიო ეთერში, როცა გაიგო, რომ პოლიტიკური პატიმარი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, სამკურნალოდ მის კლინიკაში გადაჰყავდათ.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ვივამედი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა, ყველაზე დიდ დაკვეთებს იღებს სახელმწიფოსგან პატიმრების სამედიცინო მომსახურებაზე და იშვიათი გამონაკლისის გარდა, პატიმრებს სხვა კლინიკებში გადაყვანის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის სიძულვილის ენა და რამდენად სახიფათოა [ჯდება ის საერთაშორისო სტანდარტში], რომ პოლიტიკური პატიმარი სამკურნალოდ გადაიყვანო იმ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელიც პატიმრის მიმართ მტრულად არის განწყობილი.

იქნება ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ უსაფრთხოდ? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ფსიქოთერაპევტს და სამოქალაქო კამპანია – „ერთი ხალხი, ერთი საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით ჯინჭარაძეს.

  • ბატონო დავით, რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის განცხადებები, რა რისკებს ხედავთ ამაში?

პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი ყველა პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს „ვივამედის“ მომსახურებით. არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ყველა პატიმრის ოჯახის წევრი უნდა იყოს შეშფოთებული ნადირაძის ამ განცხადებით. თუმცა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ პატიმარზე აკეთებს განცხადებას.

როცა ადამიანს ვალდებულება აქვს აღებული პენიტენციურ სამსახურთან მუშაობის, მას აქვს ვალდებულება ყველა პატიმრის უფლება დაიცვას და უმკურნალოს. არავის ეგონოს, რომ ამ განცხადებით მარტო ელენე ხოშტარიას ან მხოლოდ სინდისის პატიმრებს ეხება ნინო ნადირაძე, ყველა პატიმრისთვის საგანგაშოა.

ქალმა თქვა, რომ თუ „რაღაცას აწყობ“, კენჭის გავლა არ უნდა გქონდესო. მისი თვალთახედვით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს კენჭის გავლა არ აქვთ? მხოლოდ ოპოზიციონერს ეკრძალება, რომ ავად გახდეს?

ყველა პატიმრის ოჯახის წევრმა უნდა დაუსვას კითხვა პენიტენციურ სისტემას, რომ პატიმართან უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ დაავადება პოლიტიკასთან არის კავშირში?

ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკას და სპორტს ერთმანეთში ნუ ვრევთო და ჯანმრთელობაში პოლიტიკის გარევა რა საჭიროა. თუ ადამიანი ავადაა, რა მნიშვნელობა აქვს ელენე ხოშტარიაა თუ სხვა პატიმარი, თუ რაღაცაში პოლიტიკა არ უნდა გავრიოთ, ეს არის ჯანდაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის საკითხები თავისთავად არის პოლიტიკა.

მაგალითად, როცა კახა კალაძეს ჰქონდა რაღაც პრობლემა, ელენე ხოშტარიამ მას უსურვა გამოჯანმრთელება. როცა „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ან პარტიის წევრზე იგებენ ადამიანები, რომ რაღაც ავადმყოფობა აქვთ, წყდება ხოლმე მის მიმართ კრიტიკული რიტორიკა, რიგით ადამიანებს უფრო მეტი ემპათია და კაცთმოყვარეობა აქვთ და რატომ არის რთული, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებიც შეთანხმდნენ საბაზისო ადამიანურ ღირებულებებზე.

არავინ სთხოვს ნინო ნადირაძეს, რომ ელენე ხოშტარია აღიაროს პოლიტპატიმრად და არც იმას, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი დაიჭიროს ხელში.

  • მედიცინაში არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი, რაც ექიმს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს პაციენტის გადასარჩენად, იმის მიუხედავად, მოსწონს პიროვნულად ეს პაციენტი თუ არა. ნადირაძის განცხადებები თუ მოდის წინააღმდეგობაში ამ ვალდებულებასთან?

ჩვენ გვსმენია არაერთი ისტორია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ან აგვისტოს ომშიც კი, ქართველები როცა დაინახავდნენ, რომ ადამიანი დაჭრილი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის მხარეს იბრძოდა, მაინც ცდილობდნენ მის გადარჩენას და გამოყვანას ბრძოლის ველიდან.

ომის ეთიკაც კი ამას გულისხმობს, რომ უკვე დაჭრილ და განიარაღებულ ადამიანს, შეიძლება უმკურნალო. ტერორისტსაც კი, რადგან ექიმის მოვალეობაა ადამიანის მკურნალობა. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და მათ შორის საქართველოში.

მით უმეტეს ელენე ხოშტარიას, რომელსაც არაფერი დაუშავებია, კალაძის საარჩევნო ბანერს რაღაც წააწერა ფლომასტერით.

  • იმ კლინიკის დირექტორი, სადაც პატიმარს უნდა უმკურნალონ, მტრულად ან ცინიკურად არის განწყობილი, პაციენტს ესმის სიძულვილი ენა, ქილიკი მის მიმართ, ხედავს გულგრილობას, რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთ კლინიკაში დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. რა გარანტია არსებობს, რომ მას არ დააზიანებენ მკურნალობის ნაცვლად?

როგორც ვიცი, „ვივამედს“ აქვს მონოპოლია და მხოლოდ ის ემსახურება პენიტენციურ სისტემას. ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მიმწოდებელი ეს კლინიკაა და პატიმრის არჩევანია, რომ ან ციხეში გაუარესდეს მისი მდგომარეობა, ან იმკურნალოს ისეთ ადგილას, სადაც ის სძულთ.

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერი რომ იყოს, პენიტენციურ სისტემას და სახალხო დამცველს უნდა ჰქონოდათ ნადირაძის განცხადებებზე რეაგირება – უნდა ეთქვათ, რომ ამ ადამიანს არ აქვს უფლება დაიკავოს ასეთი მაღალი სამედიცინო თანამდებობა. ასე მოხდებოდა ნებისმიერ დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებს უყვართ ხოლმე სიარული, მათ შორის თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. ასეთი განცხადებები იქნებოდა ნინო ნადირაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობა.

ამ შემთხვევაში ნინო ნადირაძე პირად შეხედულებებზე არ საუბრობდა, პოლიტიკური იყო მისი განცხადებები, რადგან პირადი შეხედულება არის, რომ „არ მომწონს ელენე ხოშტარია“, ან „დამნაშავეა ხოშტარია“ ვთქვათ, მაგრამ მას არ აქვს უფლება თქვას, „ელენე ჩემთან გადმოიყვანეს კლინიკაში და მას უფლება არ აქვს კენჭის გავლა ჰქონდეს და ზმუოდეს სახსარი მტკივა“ – ეს პროფესიული შეხედულებაა და ეს არ არის აზრის თავისუფლება.

ექიმი ამბობს ამას, ფსიქოლოგი თუ თერაპევტი, იქ მთავრდება უკვე გამოხატვის თავისუფლება და ცხადია, ირღვევა ექიმის ეთიკაც.

  • დირექტორის განცხადებები შეიძლება ერთგვარ მესიჯადაც აღიქვას მედპერსონალმა? გავლენას თუ მოახდენს მათზე?

ცხადია მოახდენს. მით უმეტეს საქართველოში, ყველამ იცის, როგორ მუშაობს სამედიცინო სისტემა. კოვიდის დროიდან გვახსოვს, თუ როგორი აგრესიულია ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში პაციენტის მიმართ პერსონალის დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები ამის ხელშემწყობია.

დასუსტებულ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა და ეს შეიძლება დაემართოს ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერსაც.

როცა ექიმი ამას ვერ ხვდება, ის ექიმი არ არის. გვსმენია, რომ ნაცისტურ გერმანიაში, ფაშისტურ რეჟიმებში, იმპერიალისტური პერიოდის იაპონიაში, მსგავს რამეებს ამბობდნენ ადამიანებზე და ვიცით შემდეგ რა გამოიწვია ამან, ხომ?

ზოგადად, როცა ადამიანი სწავლობს მედიცინაზე, ან გადის სამედიცინო კურსს სამედიცინო სპეციალობაზე, მთელი კლასი ეთმობა ეთიკას, სადაც ადამიანები ზუსტად ნაციზმის მაგალითზე დაყრდნობით სწავლობენ, როგორი არ უნდა იყოს ექიმი. ნინო ნადირაძეს ეტყობა არ გაუვლია ეს კურსი – დღეს მისი რიტორიკა გერმანელი ნაცისტი ექიმების რიტორიკას ერთი-ერთში ემთხვევა.

  • ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ელენე ხოშტარიას არ ჰქონდეს ამ კლინიკის მიმართ ნდობა?

ელენეს შემთხვევაში, მას საერთოდ არ აქვს არანაირი მოთხოვნა და სწორი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ პატიმრის, თუნდაც სინდისის პატიმრის ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ნორმალურ ქვეყანაში ნინო ნადირაძეს მოხსნიდნენ, ელენეს კი სხვა უკეთეს კლინიკაში გადაიყვანდნენ. ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ აეკრძალებოდა ასეთ ექიმს პოლიტიკური კომენტარების გაკეთება.

მით უმეტეს, პროპაგანდისტულ „იმედზე“ ყოფნა და რაღაც სიუჟეტებში ჭორაობის პოზიციიდან რაღაცების მოყოლა. სამწუხაროდ, ამ ადამიანს აქვს სამედიცინო განათლება და უამრავ პაციენტზე წვდომა. აქ მთავარი მესიჯი ის კი არ არის, რაც ელენე ხოშტარიაზე თქვა, მთავარი მესიჯია ის, რომ ადამიანი, რომელიც ერთ პაციენტს ექცევა ასე, ყველა პაციენტისთვის საფრთხეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: