ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სასტუმრო „შერატონის“ მომიჯნავედ კაფე „ნეოკას“ ადგილს ახალი მოიჯარე, შპს „ორლა 21“ დაიკავებს. კომპანიამ ელექტრონული ვაჭრობისას ამ ქონების საწყისი ფასი თითქმის გააოთხმაგა, 361 600 ლარიდან 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდა და ასე მოიშორა კონკურენტები.
შპს „ორლა 21“ 2026 წლის 8 ივნისს არის დაფუძნებული და მას ლარისა სოლომონიძე ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცმებით, ის ასევე ფლობს რესტორან „ფიროსმანს“, „რუსთაველს“, „ბორჯღალო ჯგუფს“, შპს „კანიბას“ და არის შპს „ჯი ემ ელექტრონიქსის“ დირექტორი.
ბათუმში ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მუნიციპალური ქონება, 1430 კვ.მეტრი ტერიტორია და მასზე დამაგრებული შენობა – 440კვ.მეტრი, ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად 19 მაისს გაიტანა. 28 მაისს მაღალი კონკურენციის პირობებში, ხუთი წლის ვადით გაასხვისა.
ქონების საწყისი ფასი 361 600 ლარი იყო, ბიჯი – 10 900 ლარი. ელექტრონული ვაჭრობისას ერთმანეთს სამი მომხმარებელი უწევდა კონკურენციას, მათ ბიჯი 78-ჯერ დადეს, რითაც ქონების წლიური ღირებულება 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდეს, რაც თვეში 100 ათასი ლარია. საბოლოოდ გამარჯვება შპს „ორლა 21“-ს დარჩა.
აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულება ქონებით სარგებლობის წლიური საფასურია.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც კაფე „ნეოკა“ იყო განთავსებული

კაფე „ნეოკა“
რესტორანი „რუსთაველი“ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #42-ში, განთავსებულია შენობაში, რომელიც შპს „ნიკალამ“ უკანონოდ, მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ მშენებლობის დროს მერიიდან ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ვერ მოგვაწოდეს.
მაშინ მერიიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ მსგავსი დოკუმენტი მერიაში არ იძებნებოდა, მუნიციპალურ ინსპექციაში კი გვითხრეს, რომ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება ინფორმაციის მოკვლევის მიზნით.

ერთ-ერთი პასუხი, რომელიც მერიიდან 2022 წელს მივიღეთ ამ საკითხზე
ნუკრი დეკანაძე, რომელიც დოკუმენტს ხელს აწერს, მაშინ მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო, შემდეგ ვიცე-მერი გახდა, ახლა კი მერის მოადგილეა. მან დანართის სახით ასევე გამოგვიგზავნა წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის სამსახურს პასუხი „ბათუმელებისთვის“ გამოსაგზავნად ოფიციალურად მოსთხოვა.

რესტორან „რუსთაველის“ შენობის უკანონოდ აშენება წინა მოწვევის საკრებულოში კორუფციის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა საკრებულოს ოპოზიციამ, როცა „ოცნების“ უმრავლესობამ იკითხა – კორუფციაზე რომ ლაპარაკობთ, მაგალითი დაასახელეთო.
მაშინ ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ შუა ქალაქში მიმდინარე ამ უკანონო მშენებლობაზე მერიამ რეაგირება ვერ შეძლო, რადგან ეს კონკრეტული ბიზნესი სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნისო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დასახელებული პირი არის ლარისა სოლომონიძის მეუღლე, გიორგი ჯიმშერაძე, მეტსახელად „ლისი“. მისი ბიზნესპარტნიორები კი არიან ოჯახის წევრები: ნელი მელაძე – გიორგი ჯიმშერაძის დედა, ხოლო გურამ ჯიმშერაძე – მამა.
იგივე კომპანია, შპს „ნიკალა“ ასევე უკანონოდ აწყობდა პარკინგს ამ შენობის მომიჯნავედ არსებული საბავშვო ბაღის წინ, რის აღკვეთაც მერიამ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი არაერთხელ გაშუქდა და მუნიციპალური ინსპექციაც იყო ინფორმირებული კომპანიის მიერ უკანონო მშენებლობის წარმოებაზე, მერიის ზედამხედველმა ორგანომ სათანადო რეაგირება ვერ შეძლო.
შპს „ნიკალამ“ 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაასრულა, გახსნა რესტორანი და სასტუმროს გახსნასაც გეგმავს, შენობა საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული.

ამ შენობაში რესტორანი „რუსთაველი“ 2023 წელს გახსნეს
შპს „ნიკალა“ გურამ ჯიმშერაძეს ეკუთვნის.
„ნიკალა“ 2017 წელს ნელი მელაძეს დაუფუძნებია და თავად ფლობდა კომპანიის ასივე პროცენტს, ნელი მელაძე იყო ამ კომპანიის დირექტორიც. თუმცა მალევე მონაცემები შეიცვალა, ნელი მელაძე დარჩა დირექტორად, კომპანიის ასივე პროცენტი კი გურამ ჯიმშერაძემ დაირეგისტრირა.
2020 წელს გურამ ჯიმშერაძე ფლობდა ასევე შპს „გეო მშენის“ 20 პროცენტს. წილების გასხვისების დოკუმენტებში წერია, რომ კომპანიას მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა არქიტექტორული პროექტი ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩაზე #32 -ში მდებარე 1039 კვ.მეტრზე.
ნელი მელაძე რესტორან „ფიროსმანის“ დირექტორად ფიქსირდებოდა 2011-2012 წლებში, მაშინაც და ახლაც შპს „ფიროსმანის“ მფლობელი ლარისა სოლომონიძე იყო, გიორგი ჯიმშერაძის მეუღლე.
ნელი მელაძე ფლობს ასევე შპს „მარგარიტას“, ეს კომპანია ნიკა ჯიმშერაძეს დაუფუძნებია 2019 წელს, ახლა ნელი მელაძის საკუთრებაა, ის იყო ასევე შპს „ნი-ნი-კა“-ს დირექტორი.






