ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქართველოში ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.
„ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას.
ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი კომპონენტი მოიაზრება, გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რაც შეეხება შეფერხებებს გზების მშენებლობაში, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უხარისხოს არაფერს ჩაიბარებენ: „მიმდინარე პროექტებზეც გვაქვს შეფერხებები. გვირჩევნია გვქონდეს შეფერხებები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ხარისხიანი გზები და ინფრასტრუქტურა აშენდეს“.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც „არ იქნება სამშენებლო ან გზების დამგები ორგანიზაცია. მისი ფუნქცია იქნება ოპერატიული მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღება იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულ საინჟინრო სირთულეს წარმოადგენს“.
რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილებისას იწყება.
„ჩემთვის, ისევე როგორც მთლიანად მთავრობისთვის, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი.
ჩვენი მიზანი არ არის, გაკეთებული საქმე მხოლოდ ჩვენ ვნახოთ. მთავარი არის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავდეს მოვლილ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ გზებს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.






