მთავარი,სიახლეები

დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

11.06.2026
დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს.

„წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობს და იგებს.

ამ კომპანიის მესაკუთრე მოქმედი პარლამენტარია. ხელშეკრულების დადების წინა დღეებში კომპანიასთან დაკავშირებული პირები „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარს წირავენ.

ეს არ არის ჩვენი მოგონილი სცენარი, ეს მიმდინარე წლის მარტში, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” ჩატარებული ერთ-ერთი მსხვილი ტენდერის აღწერაა, სადაც შპს „გზამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონიაა, 29.2 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოების ხელშეკრულება მიიღო.

ამ კომპანიას ჯამში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (ტენდერების მოგების არარეალურად მაღალი – 93%-იანი მაჩვენებლით). მმართველი პარტიისთვის კი კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული“- წერს თავის ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამბავი აქ არ მთავრდება.

„აღმოჩნდა, რომ 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის ტენდერებში „30 კმ რადიუსის წესით“ სხვა ტენდერებშიც შეიზღუდა კონკურენცია. სულ 5 ასეთი ტენდერი აღმოვაჩინეთ, რომელთა ჯამური ღირებულებაც  70 მილიონი ლარზე მეტია.

ამ ტენდერებში სულ 3 კომპანია მონაწილეობდა და მონაცვლეობით იმარჯვებდა. სამი კომპანიიდან ორი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მათ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს „ქართულ ოცნებას“.

ეს ფაქტები ხელოვნური ოლიგოპოლიის კლასიკური მაგალითებია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მრავალმილიონიან საგზაო ტენდერებს სამიოდე კომპანიისგან შემდგარი დახურული კლუბი ინაწილებს.  ხელოვნური ბარიერების მეშვეობით კონკურენცია აღარ არსებობს, კლუბის წევრები კი მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულებებს ურიცხავენ.

სისტემური ფილტრი: როგორ ქმნის „30 კმ რადიუსის წესი“ ოლიგოპოლიას 2026 წლის იანვარში ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ბათუმის სამი ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. შპს „გზა“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

რატომ არ მონაწილეობდნენ სხვა გამოცდილი გზის მშენებელი კომპანიები? მიზეზი სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული უჩვეულო მოთხოვნაა: პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში არსებული ქარხანა უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან ასფალტბეტონის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული ასეთ ქარხანასთან.

ეს პირობა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, რომელსაც ქარხანა ბათუმის სიახლოვეს არ აქვს, ან ხელშეკრულება არ აქვს ასეთ ქარხანასთან, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას ასფალტის სხვაგვარად მოწოდება.

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გეოგრაფიული შეზღუდვის დაწესება არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა – ის კონკურენციის ხელოვნურად შესაზღუდად შექმნილი ფილტრია.

2024-2026 წლებში გამოცხადებული 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან (თითოეული 1 მილიონზე მეტი ღირებულების) მხოლოდ ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” 5 ტენდერში განისაზღვრა წინაპირობად გეოგრაფიული სიახლოვე. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 70 მილიონ ლარს აჭარბებს.

რა შედეგი მოიტანა კონკურენციის ასეთმა მიზანმიმართულმა შეზღუდვამ? მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ, ამ ტენდერებში მხოლოდ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბიუჯეტის მილიონებს როტაციით ინაწილებდნენ (იხ. ცხრილი). სამი კომპანიიდან ორი – შპს „გზა“ და „ბონდი 2009“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.

როგორც ცხრილიდან ჩანს, ხუთივე ტენდერში მონაწილეთა სია იდენტურია. არანაირი გარე კონკურენცია. როდესაც ბაზარი ასე ხელოვნურად იკეტება, სახელმწიფო შესყიდვა აზრს კარგავს და გადაიქცევა წინასწარ შეთანხმებულ გადანაწილებად“ -წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „30 კმ რადიუსის წესით“ შექმნილი ოლიგოპოლიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, გარდა შპს „გზისა“, არის შპს „ბონდი-2009“, რომელმაც 5-დან 2 ტენდერი მოიგო. ეს კომპანია მმართველი პარტიის კიდევ ერთი მსხვილი დამფინანსებელია.

„მისი ოთხი თანამფლობლიდან სამს (ნუკრი დოლიძეს, ოთარ ფუტკარაძესა და დავით დევაძეს) „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 605 000 ლარი აქვთ შეწირული. მეორე მხრივ კი კომპანიას ჯამში 292 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

ეს სრულად ააშკარავებს, თუ როგორ მუშაობს სისტემა: 30-კილომეტრიანი გეოგრაფიული ბარიერი წინასწარვე ფილტრავს ბაზარს. შედეგად, კონკურენცია იმიტირებულია, მილიონებისთვის ბრძოლაში მხოლოდ სამი შერჩეული მოთამაშე რჩება, საიდანაც ორი („გზა“ და „ბონდი-2009“) პირდაპირ უკავშირდება მმართველ ძალას“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია დახურული კორუფციული ეკოსისტემის მუშაობის ყველაზე თვალსაჩინო და საგანგაშო მაგალითი ასახელებს სწორედ გიორგი ჭყონიას კომპანიის 29-მილიონიანი ტენდერს (შპს „გზა“).

„დეპუტატი გიორგი ჭყონია, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, ძირითადად წლის მეორე ნახევარში წირავდა თანხას პარტიას. თუმცა, 2026 წელს მისი 60 000-ლარიანი შემოწირულება მარტში დაფიქსირდა – ზუსტად ერთი დღით ადრე, სანამ მრავალმილიონიან სატენდერო ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს.

ზოგადად, ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში შპს „გზასთან“ დაკავშირებული პირების აქტივობა ასე გამოიყურება:

  • 6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) პარტიას წირავს 30 000 ლარს.
  • 10 მარტი: ჯიმშერ ზოიძე (გიორგი ჭყონიას წილის მმართველი შპს „გზაში“) წირავს 15 000 ლარს.
  • 11 მარტი: ჯემალ ჭყონია (გიორგი ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორი) წირავს 15 000 ლარს.
  • 12 მარტი: გიორგი ჭყონია (კომპანიის მფლობელი, დეპუტატი) წირავს 60 000 ლარს.
  • 13 მარტი: შპს „გზა“ აფორმებს 29,163,899 ლარიან ხელშეკრულებას.

ეს ფაქტები თავისთავად დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულება არ არის, თუმცა დროში დამთხვევა, ხელოვნურად შეზღუდული კონკურენცია და ტენდერში ერთადერთი მონაწილის არსებობა ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების აშკარა ნიშნებს შეიცავს.

„საერთაშორსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნით – ცალკე აღებული ერთი შემთხვევა – უკონკურენტო ტენდერი, ასფალტის ქარხნის მოთხოვნა ან თუნდაც შემოწირულება – შესაძლოა შემთხვევითობითაც აიხსნას, მაგრამ როდესაც ვხედავთ 1.3 მილიარდის ღირებულების მოგებულ ტენდერებს, ტენდერში მონაწილებისთვის დამატებულ ხელოვნურ ბარიერებს, რომელიც შერჩევითად ქმნის ოლიგოპოლიას მმართველი პარტიის მსხვილი დონორებისთვის და მრავალმილიონიან ხელშეკრულებამდე ერთი დღით ადრე პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ ათიათასობით ლარს, ეს უკვე კარგად ორგანიზებულ, სისტემური კორუფციის ნიშნებს ატარებს, რომელიც კონკურენციას კლავს და სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისთვის იყენებს, საბოლოო ფასს კი საზოგადოება იხდის.

სწორედ მსგავსი სისტემური კორუფციის ნიშნების მქონე შემთხვევებს უნდა პასუხობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით, რათა დეკლარირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალობად იქცეს და არა ფასადად, რომლის მიზანიც შერჩევითი მართლმსაჯულების და კულუარული დაპირისპირებების დაფარვაა“ – წერს „გამჭვირვალობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: