ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება. ბათუმის პლაჟების სარგებლობის უფლებით გასხვისების პირობების მიხედვით, წელს ბათუმში ერთი შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.
გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად.
თუმცა საინტერესოა ისიც, როგორ გააკონტროლებს წელს ბულვარის ადმინისტრაცია იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე შეზლონგების და ქოლგების გადანაწილებას, ისე, რომ ადგილი დარჩეს მათთვისაც, ვისაც შეზლონგის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს და სანაპიროზე, ქვებზე წამოწოლა სურს.
მსგავსი ჩანაწერი ადრეც არსებობდა, თუმცა შესაბამისი კონტროლი – არა.
ბათუმში საკურორტო სეზონზე შეზლონგებით გადაჭედილი სანაპირო უკმაყოფილების და კონფლიქტის საგანი ხშირად იყო და ამაზე „ბათუმელებს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული.
საქმე ის არის, რომ მოიჯარეები ადრე დილიდან მთელ სივრცეზე ათავსებენ შეზლონგებს მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა მომხმარებელი.

ასეთია პლაჭების ათვისების პრაქტიკა ბათუმში
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე 22 მაისს გაიტანა.
800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს.
პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. იგივე პირობის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა: შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი.
გარდა ამისა, მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას.
___
მიმდინარე აუქციონის საწყის ფასებსა და პირობებზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:
ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია






