„ორშაბათს, დილის 11 საათზე ველოდებით განაჩენს… წუხელ დამირეკა, ვნერვიულობ, არ ვიცი, თუ დამასწრებენ განაჩენის გამოცხადებასო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ცოლი, მარინა გორჯელაძე.
ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ განაჩენი ამ საქმეზე არ მიუღია.
„თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ ვარო, ჯანმრთელობაზე არა მიშავსო, კარგი თანამესაკნე მყავს და ვესაუბრებიო… ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს ისევ: ჯვრებს, საქართველოს დროშებს, ხომ იცით ზურა როგორია, არ მოისვენებს… როგორც ჩანს, აძლევენ შესაბამის ნივთებს და საშუალებას, რომ ეს მაინც აკეთოს.
შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ წინაში მოვიმატე, ამიტომ ვარჯიში დავიწყეო, კიდევ ეს მითხრა,“ – გვითხრა მარინა გორჯელაძემ.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
პროტესტის ნიშნად ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობდა.
ამ თემაზე:
„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი






