მთავარი,სიახლეები

„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

17.05.2026
„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია.

„სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ.

ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო.

ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული.

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე.

ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია.

ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ.

ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა – ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ დააარსა საპატრიარქომ.

„ოჯახის სიწმინდის დღის“ დაარსებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია, სადაც ლგბტქი+ თემის წევრები და მათი უფლებების მხარდამჭერები იღებდნენ მონაწილეობას. ეს აქცია ძალადობის სამიზნე გახდა – მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

2014 წელს კი 17 მაისი, საპატრიარქომ, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით, „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა. მას შემდეგ თბილისსა და ბათუმში, საპატრიარქოსა და მთავრობის ჩართულობით და ორგანიზებით, ადამიანები იკრიბებიან და „ოჯახის სიწმინდეს“ ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.  მათი დიდი ნაწილი, ტრადიციულად, საჯარო მოხელეები და მუნიციპალური ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

„ოცნება“ ამ დღეს, ფაქტობრივად, განიხილავს, როგორც თავისი მხარდამჭერების მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: