მთავარი,სიახლეები

რატომ ამოწმებს „ოცნება“ სოცდაუცველებს, რომლებსაც „პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს“

13.05.2026
რატომ ამოწმებს „ოცნება“ სოცდაუცველებს, რომლებსაც „პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს“

სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია.

„ოცნებამ“ ამ ბაზის გადამოწმება დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს.

სწორედ ამით ახსნა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების აუცილებლობა 2026 წლის თებერვალში. მან თქვა, რომ პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომლებიც, მაღალი ალბათობით, არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმებს.

„მაგალითად, საფუძველი იქნება ბოლო 3 თვის განმავლობაში 2000-ლარიანი შემოსავლის მიღებაც“, – თქვა მაშინ სარჯველაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ გადამოწმებით გაირკვევა, დარჩებიან თუ არა კონკრეტული ოჯახები შესაბამის ბაზაში და მიიღებენ თუ არა შემწეობას.

12 მაისს კი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გამოცემა bm.ge-ს უთხრა, რომ გადამოწმების პროცესში ბაზაში აღმოაჩინეს ისეთი ოჯახები, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ.

„ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ათასობით ოჯახი არის შემოწმებული. შეიძლება რამდენიმე თვეში შუალედური ანგარიშიც უკვე მზად იყოს. ერთი რაც ვიცი დანამდვილებით კოლეგებისგან, რომ ბევრი აღმოჩნდა მათ შორის მაღალშემოსავლიანი. ბუნებრივია, ეს ოჯახები ვერ იქნებიან მომავალში ამ სიაში“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი საქართველოში 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მართალია, გადამოწმება წელს დაანონსდა, თუმცა ეს ამბავი გაცილებით ადრე, 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულმა ირაკლი კობახიძემ გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრის დროს თქვა ისიც, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზა გადასახედია

რატომ გახდა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახლა? – „ოცნება“ ამის საჭიროებას იმით ხსნის, რომ ეს ბაზა პანდემიის შემდეგ არ გადაუმოწმებიათ. თუმცა არ ამბობს, რამ შეუშალა ხელი გადამოწმებას მაშინ, როცა პანდემია, ფაქტობრივად, 2022 წლიდან უკვე აღარ იყო ხელშემშლელი ფაქტორი.

მეტიც, 2023- 2024 საარჩევნო წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატისტიკა კიდევ გაიზარდა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნებამ“ სოცდაუცველების 300-ლარიანი დასაქმების მოკლევადიანი პროგრამაც მოიფიქრა, რომელიც არჩევნების დასრულებიდან მალევე შეწყვიტა.

რა მოხდა ახლა, რა სურს „ოცნებას“? – მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახლა „ოცნების“ ერთადერთი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის სტატისტიკის ოფიციალურად შემცირებაა.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მასობრივი გადამოწმების მიზანი ხელოვნური ცვლილებაა იმ მძიმე სტატისტიკის, რომელიც ქვეყანაში ასახავს სიღარიბეს. „ოცნების“ პროპაგანდა და რიტორიკა დღეს არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, თუმცა თავად სახელმწიფოს ცალკეული მონაცემი და სტატისტიკა, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები, ამხელს ამ პროპაგანდის მეორე მხარეს, რომელიც ქვეყანაში მზარდ სიღარიბეს აჩვენებს“,  – განმარტავს „ბათუმელებთან“ თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის შესაძლო გადამოწმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 2026 წლის მარტში, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ამ საკითხზე კვლევაც გამოაქვეყნა, სადაც მონაცემებისა და არსებული ვითარების გაანალიზების საფუძველზე დაასკვნა, რომ გადამოწმების დაწყების პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის, მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას იღებენ. ამიტომაც გვგონია, რომ პირველი მოტივი ამ გადამოწმების არის სწორედ ამ სტატისტიკის ქვემოთ ჩამოყვანა და შემდგომში საუბარი იმაზე, რომ  შემცირდა სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების რიცხვი.

რა თქმა უნდა,  ეს არ არის გამოსავალი. პირიქით: ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბე, სოციალური შემწეობის არსებული სისტემა კი არის ნაკლოვანი – მას არ აქვს რესურსი სიღარიბის დაძლევაში დაეხმაროს ოჯახებს. ამავდროულად, ის მხარდაჭერა, რომელიც ამ პროგრამით არის გათვალისწინებული, უკიდურესად მცირეა და ვერ პასუხობს საჭიროებებს, რომლის წინაშეც ოჯახები დგანან. ბოლო წლებში ამ თანხების ოდენობა არ გაზრდილა და რეალურად  არის არასაკმარისი, მით უმეტეს, თუ ინფლაციას და მაღალ ფასებს გავითვალისწინებთ“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის თანახმად, პანდემიამდე საქართველოში საარსებო შემწეობას საშუალოდ 400 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა.

პანდემიის პერიოდში კი, 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 96 439 ადამიანით. თუმცა, ძირითადი მატება პანდემიის შემდგომ დაფიქსირდა.

მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 181 569 ადამიანით მეტი იღებდა, ვიდრე 2023 წლის იანვარში. ეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ე.წ. 300-ლარიანი დასაქმების პროგრამას და არჩევნების პერიოდებს ემთხვევა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბაზაში დარეგისტრირებული პირების დაახლოებით 41% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია 10-ზე მეტი წელი. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ რეგისტრირებულთა წილი საერთო რაოდენობის დაახლოებით მეხუთედი – 19%-ია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული დიაგრამა, რომელიც აჩვენებს, როგორ იზრდებოდა სოციალური დახმარების მიმღებთა ოდენობა ბაზაში

კვლევის მიხედვით, გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი კითხვა დროს უკავშირდება. პანდემია რამდენიმე წლის წინ დასრულდა და გადამოწმებაზე მორატორიუმს მიზეზები უნდა ჰქონოდა:

„ბუნდოვანია, ამდენი წელი რატომ დასჭირდა პროცესის დაწყებას, მით უმეტეს, რომ გადაუმოწმებლობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის არამიზნობრივად ხარჯვა გამოეწვია. ის, რომ ამგვარი გადამოწმება 2024 ან 2025 წელს არ მოხდა, არაპირდაპირ შეიძლება წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ინსტრუმენტალიზაციაზე უთითებდეს.

ფინანსებს უკავშირდება კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ჩნდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობით უზრუნველყოფაზე ათეულობით მილიონი იხარჯება. შემწეობაზე გადარიცხული თანხის მოცულობა წლების გასვლასთან ერთად იზრდება. 2020 წლიდან მოყოლებული ზემოაღნიშნულ დახმარებაზე 4 მილიარდამდე ლარი დაიხარჯა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

რატომ არ შექმნა სახელმწიფომ პროგრამები სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის, მათ გასაძლიერებლად? – ამ კითხვაზე თამთა მიქელაძე ასე პასუხობს:

„ამ ადამიანებს პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს ხელისუფლება. როცა შენ სოციალურ შემწეობას ელი, გადამოწმების პროცესში ხარ, ცდილობ, რომ აჩვენო პოლიტიკური ლოიალობა და ჩვენი კვლევის მიგნებებმაც აჩვენა ეს.

ბენეფიციარები, მიმღებები ან მომლოდინეები ცდილობენ, იყვნენ ჩუმად, ნაკლებად წერონ კრიტიკული პოსტები სოციალურ ქსელებში ან ოპოზიციურ და კრიტიკულ ღონისძიებებში არ მიიღონ მონაწილეობა – მათ ჰგონიათ, რომ აკონტროლებენ მათ საქმიანობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობა. შესაბამისად, ისინი შეიძლება დაისაჯონ დახმარების არ მიღებით ან შეწყვეტით.

ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი მოქალაქეების პოლიტიკური კონტროლის, ეს არის სიღარიბის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც სრულიად ანტისოციალური და ანტიდემოკრატიული ქცევაა.

ჩვენს ქვეყანაში 200 000-ზე მეტმა ოჯახმა სახელმწიფოს სოციალური შემწეობის მიღების მოთხოვნით მიმართა. მათგან 700 000-ზე მეტი მოქალაქე დღეს იღებს სოციალურ შემწეობას. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი თავს ღარიბად გრძნობს და მიიჩნევს, რომ მან სოციალური შემწეობა სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე

თავისი კვლევის დასკვნის სახით „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ერთიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის არარსებობა წარმოადგენს.

გამოწვევებზე არა მხოლოდ ქართული ორგანიზაციები, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორებიც საუბრობენ, მათ შორის არის გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, რომელმაც საქართველოში არსებული მდგომარეობა სულ რამდენიმე თვის წინ შეაფასა.

 

ამავე თემაზე: 

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: