„რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, 18 აპრილს „ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი დიალოგი, „ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა“.
თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიტორიკა განსხვავებული აზრის დევნაზე.
რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა სამოქალაქო აქტივისტს და პროპაგანდის მკვლევარს, შმაგი სამხარაძეს.
- ბატონო შმაგი, ივანიშვილის უმცროს შვილს, ცოტნეს, ახალგაზრდებთან შეხვედრა მოუწყვეს, სადაც მან თქვა, რომ გმობს ძალადობას და ახსენა დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი, თქვენი აზრით?
ჩვენ ვნახეთ, რა ფონზეც გააკეთა ცოტნე ივანიშვილმა ეს განცხადება, როცა მის გვერდით ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში და ამ ძალადობას სჩადის „ქართული ოცნების“ ე.წ ხელისუფლება. ივანიშვილის შვილი კი ამ ყველაფერს ხედავს და რას აკეთებს? თითქოს გმობს ძალადობას, მაგრამ საზოგადოებისგან ეს ვერ იქნება სერიოზულად აღქმული.
საზოგადოებისგან მართლაც მოდის მოთხოვნა, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ პოლიტიკაში და ახლა, როგორც ჩანს, ივანიშვილი ტესტავს, რამდენად იქნება მისაღები ახალგაზრდებისთვის ამ პროცესებში მისი შვილის ჩართვა. ალბათ ჩათვალეს, რომ ყველაზე დიდი ფიგურა, ვინც ამ მესიჯს გაავრცელებდა, ივანიშვილის ვაჟია.
ჩვენ ვიცნობთ სხვა მმართველებსაც, რომლებიც დიდხანს არიან ხელისუფლებაში და გვერდით იყენებენ საკუთარ შვილებს. ლუკაშენკოსთანაც ვხედავდით მის ვაჟს, თუმცა ბოლო დროს გვერდზე გასწია. რაღაც ამის მცდელობაა, ასე დავინახე მე ეს.
- გულწრფელია ცოტნე ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ ძალადობას გმობს?
ადამიანების უმრავლესობას ეჭვი ეპარება მის გულწრფელობაში. თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც იტყვის, რომ ძალადობას გმობს, ეს საზოგადოებაში აღიქმება დადებითად. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, როცა ვიხილეთ, რა სისასტიკე და ძალადობა ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში ქუჩებში.
ბერა ალბათ იმიტომ არ გამოიყვანეს, რომ ყველას ახსოვს ღარიბაშვილთან საუბრის ის ჩანაწერი, როცა მის თანატოლთან ანგარიშსწორებას სთხოვდა. ამიტომ, ჩათვალეს, რომ ცოტნე, რომელიც აქამდე არსად ჩანდა, გამოადგებათ ამ პროცესში. ისიც ვნახეთ, როგორ აიტაცეს „ოცნების“ პროპაგანდისტებმა, რომ აი, რა კარგია, რომ ივანიშვილის შვილი საუბრობს ამ ყველაფერზეო.
- თუმცა, როცა კითხვა დაუსვეს, თუ რა ფორმით დაგმო ძალადობა, მან თავი აარიდა პასუხს.
დიახ, რა თქმა უნდა. მის გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდით, ამ ყველაფერს რომ მოჰყოლოდა, მაგალითად, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. თუმცა ვხედავთ, რომ დიალოგის შემოთავაზების პარალელურად კვლავ აგრძელებენ პარტიების აკრძალვაზე საუბარს და ანტიდასავლურ რიტორიკას.
რომ გადაეხედათ რეპრესიული კანონები და მოჰყოლოდა ამ განცხადებებს რაიმე არსებითი ნაბიჯი, შეიძლება დაგვეჯერებინა, რომ უნდათ პოლარიზაციის შემცირება. მაგრამ ვხედავთ, მხოლოდ რიტორიკის დონეზე საუბრობენ, რომ არ უნდა ვეძახოთ ერთმანეთს „ნაცი“, ქოცი“, „რუსი აგენტი“ და ასე შემდეგ. ამიტომ, პოპულისტური, უშინაარსო და არაგულწრფელია მისი ეს განცხადება.
ის მაინც რომ ეთქვა, ბევრი ახალგაზრდაა ნაცემი და ეს ჩემთვის მიუღებელია ან ამდენი ახალგაზრდა რომ ზის ციხეში, სიძულვილის ენა რომ დომინირებს, ეს არ უნდა ხდებოდესო, ცოტათი მაინც დატოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ რაიმეს ჩავჭიდებოდით.
ოდნავ გულწრფელი რომ ყოფილიყო მისი ნაბიჯი, შეეძლო ეთქვა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მომხრეა, საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა და სასამართლო რეფორმაა საჭირო, რეპრესიული კანონების უკან წაღება და მაშინ ალბათ დავიჯერებდით, რომ გულწრფელია.
- როცა სინდისის პატიმრები უხსენეს, ცოტნე ივანიშვილმა თქვა, რომ „ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“. არც ის გაიზიარა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს და თქვა, რომ ეს სასაცილოა. ასეთ შემთხვევაში, რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილს უნდოდეს დემოკრატიის სასარგებლოდ ცვლილებები ქვეყანაში?
დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდაა, ვინც ნორმალურ გარემოში ისურვებდა დისკუსიაში შესვლას. ოღონდ არა პროპაგანდისტული, დასანქცირებული არხების ფორმატში, არამედ თავისუფალ მედიაში რომ ყოფილიყო მსგავსი დისკუსიების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, ეს უფრო ემსახურება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას და არა პრობლემების მოგვარებას და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.
„ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, დაანახოს საზოგადოებას, დასავლეთს, რომ თითქოსდა ის კონსტრუქციული ძალაა, რომ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ამ ფორმით ცდილობს 2028 წლის არჩევნებისთვის მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ცოტნე ივანიშვილის ამ პროცესში ჩართვაც, ემსახურება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის აღიარებას და სხვას არაფერს.
არსებობს youtube-ზე არხები, სადაც შეუძლია ცოტნე ივანიშვილს მოვიდეს და ამ ფორმატში გვქონდეს დისკუსია ამ რეპრესიულ კანონებზე, ძალადობაზე, დაპატიმრებებზე, ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე და ეს გააჩენს საზოგადოებაში განცდას, რომ ვთქვათ ხელისუფლება არის დიალოგის მომხრე და დაიწყო პროცესის გაჯანსაღება.
მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მათ „დიალოგი“ უნდათ მათთვის კომფორტულ ზონაში, რომ ფასადისთვის გააკეთონ ეს ყველაფერი, ამას შედეგი არ ექნება.
მე, პირადად, ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ ვითარებაში სამართლიან დისკუსიას. ომი მიდის ამერიკას და ირანს შორის და ისინიც კი, რაღაც ეტაპზე მიდიან მოლაპარაკებებზე ხომ? მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს ან შედგეს, მაგრამ ყველას აქვს თავისი შეხედულება და სიმართლე.
რა თქმა უნდა, ახლა გაბრაზებულები ვართ, ვეწინააღმდეგებით რეჟიმს, ბრძოლაში ვართ, მაგრამ როგორც ქვეყანა, დავზარალდით. ამიტომ, თუ მეორე მხარეს, რომელსაც დიდ აუდიტორიაზე აქვს წვდომა და პროპაგანდას ახვევს ამ ადამიანებს, შეიძლება ვესაუბროთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომ საზოგადოება ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ.
- მაინც ექნება ცოტნესთან დიალოგს აზრი, თუკი მისი რიტორიკაც ისეთივე იქნება, როგორიც არის, მაგალითად, კობახიძისა და პაპუაშვილის, რომ თურმე სუვერენიტეტს იცავენ დასავლეთის ლანძღვით, რომ მურუსიძის სასამართლოში შეგიძლია იპოვო „სამართალი“ და ასე შემდეგ?
უფრო იმის გამო დავჯდებოდი ამ დიალოგზე, რომ მე მაქვს ჩემი არგუმენტები და როცა „ოცნება“ საუბრობს სუვერენიტეტზე, მე ვეკითხები მათ, ვისი ხელისუფლების დროს წავიდა ყველაზე მეტი ოჯახი ემიგრაციაში და დაინგრა ყველაზე მეტი ოჯახი? შობადობა, ისტორიულად რომელი ხელისუფლების დროს შემცირდა, როდის დაიწყო დემოგრაფიული კრიზისი, როდის გაღარიბდა მოსახლეობა, 700%-ით რომ გაიზარდა რუსული ნავთობის ექსპორტი საქართველოდან, რატომ იზრდება ბენზინის ფასი. გამოდის, რომ თვითონ მდიდრდებიან და მოსახლეობა ღარიბდება.
ყველაფერს რუსეთთან დათმობის პოლიტიკით რომ ამართლებენ, თუკი მაინც ვუთმობთ რუსეთს და აზერბაიჯანს, მაშინ რატომ გვაქვს მაღალი ფასი ბენზინსა და ფქვილზე.
ფაქტია, რომ არავითარ სუვერენიტეტს და არავითარ ოჯახის სიწმინდეს ესენი არ იცავენ და ყველაზე მეტად სწორედ მათი მმართველობის დროს დაზარალდა ქართული ოჯახები და მთელი ქვეყანა.
შმაგი სამხარაძე
ქუთაისში ვარ ახლა და ვხედავ, როგორ განახევრდა ეს ქალაქი. ადამიანები რაღაც იდეოლოგიის გამო კი არ მიდიან ქვეყნიდან, როგორც კობახიძე ამბობს, იმიტომ მიდიან, რომ სრულიად დანგრეულია ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა.
ყველამ ვნახეთ, როგორ ეგდო ქართული პასპორტი საფრანგეთის სანაპიროზე. აი, ეს პასპორტია იმის სიმბოლო, რომ აღარ მიმდინარეობს საქართველოში ჯანსაღი პროცესები. რკინის ფარდაც რომ ჩამოუშვა, მაინც გაექცევიან ადამიანები უსამართლო სისტემას. როცა მოსახლეობა მოისმენს მსგავს არგუმენტებს, დაინახავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია დიქტატორს დემოკრატიაზე ელაპარაკო?
მე არ ვამბობ, რომ მაგათგან რაიმე სახის დათმობას უნდა ველოდეთ, მე ვსაუბრობ სიმართლეზე, რომელიც უნდა მივიდეს აუდიტორიამდე. უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე პროპაგანდა გავლენას ახდენს. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნგრეთი სხვაა და საქართველო სხვა. იქაც მიტაცებული ჰქონდა ორბანს ხელისუფლება, მედია, სახელმწიფო ბანკი შექმნა და მხოლოდ მის მხარდამჭერ ბიზნესს აძლევდა კრედიტებს, პოლიტიკური ველი გათიშული იყო და ოპოზიციამ 14 წელი ვერაფერი მოუხერხა ორბანს.
- თუმცა მან ვერ შეძლო არჩევნების ტოტალური გაყალბება, ასე არ არის?
ვერ გააყალბა იმიტომ, რომ საარჩევნო ყუთთან მივიდა მოსახლეობის 80%. საქართველოში არ მივიდა საკმარისი რაოდენობა არჩევნებზე, რადგან ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, ვერ იმუშავეს კარგად რეგიონებში.
თუკი გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ვერ გააშავებს რეჟიმი მარტივად, იქნებიან სუფთა ხელებით, გულწრფელად დაელაპარაკებიან ადამიანებს რეგიონებში, დარწმუნებული ვარ, ჩვენც შევძლებთ მეტი ადამიანის მოყვანას არჩევნებზე.
- აუდიტორიაზე გასვლა ცოტნე ივანიშვილთან დისკუსიის გარეშე არ შეუძლია ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას?
ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ყოველდღე წამლავს ჩვენს საზოგადოებას. არიან სხვა ჯგუფებიც – რუსეთში მცხოვრები ადამიანები, მამუკა ფიფია და სხვა გარუსებული ბიზნესმენები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ, თარგმნიან რუსულიდან ნარატივებს და კვირაში ერთ ნარატივს მაინც უდებენ თავში მოსახლეობას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიდეთ დიდ აუდიტორიაზე.
ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე უნდა ვესაუბროთ. აგერ ქუთაისში ყოველდღიური პროტესტი მიმდინარეობს. ამ ხალხს გეოპოლიტიკაზე კი არ უნდა ველაპარაკოთ, რატომ მიდის ხალხი ქუთაისიდან, ის უნდა გავიგოთ. მათ სჭირდებათ კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი.
თუ ადამიანებზე ამბობ, რომ რუსები არიან, ქოცები და ბნელები, მაშინ ვისი იმედი გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, ველაპარაკოთ ხალხს და გავარღვიოთ პროპაგანდისტული მანქანა. მოსახლეობის უმრავლესობას სძულს ეს რეჟიმი და ივანიშვილი. 80%-ზე მეტს უკვე ყელში ამოუვიდა, განსაკუთრებით კორუფციული სკანდალების მერე და ადამიანებს სჭირდებათ სწორი მიდგომა, სწორი პოლიტიკა, რაღაცების გადააზრება და რაღაცების ცდა.
ერთი მასწავლებელი მეუბნებოდა, ყველა მასწავლებელს სთხოვდნენ ათი პირადობის მოწმობის მიტანას. რომ ვამხილოთ ეს ყველაფერი, ვინ დაგვიცავს? გვითხარით რა გავაკეთოთ. ქუჩაშიც ველაპარაკე ადამიანებს, ეკლესიაშიც. ყველა ამბობდა – რა გავაკეთოთ? ამიტომ მგონია, რომ ხალხმა უნდა დაინახოს, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მათ, როგორ აღარიბებს საქართველოს, როგორ აშიმშილებს ოჯახებს.
ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა და მათ ენაზე საუბარი. გლანდების ოპერაციის გამო მოკვდა ბავშვი ქუთაისში. გაგიგიათ, გაჟღერებულა ეს ინფორმაცია სადმე? აი, ასეთი თემები აწუხებთ ადამიანებს და ეს არის მოსახლეობის ხმა. როცა შენ არ ელაპარაკები, მერე იყენებს მათ პროპაგანდა.
იმის ნაცვლად, რომ დაიცვან უმცირესობები, ოჯახის სიწმინდეს ვიცავთო – იძახიან. ამ დროს, შენ უნდა უთხრა პროპაგანდისტებს, რომ თქვენი შვილები საერთოდ არ იბადებიან საქართველოში, ევროპაში აჩენთ, არც ერთი არ მსახურობს ჯარში და არ სწავლობენ ქართულ სკოლებში. სხვის შვილებს კი წამალს არ აძლევთ. გვაღარიბებენ, ქვეყნიდან წასვლას გვაიძულებენ, „აგენტს“ და აკაცუკს გვეძახიან.
მადიარმაც იგივე გააკეთა უნგრეთში. ხალხს დაელაპარაკა მათთვის გასაგებ ენაზე. უთხრა, რომ ხალხო, ესენი მე კი არ მაგინებენ, გაგინებენ თქვენ, რადგან მე ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ინფლაციაზე, კორუფციაზე და იმაზე, რომ არ განადგურდეს ჩვენი ქვეყანა.
ამიტომ, ჩემი ამოცანა იქნებოდა, ვიცოდე რას ფიქრობს მოწინააღმდეგე მხარე და სადაც მივა ცოტნე ივანიშვილი, იქ მივალ მეც და ვკითხავ ხალხის თანდასწრებით – რატომ არ აძლევს მისი ხელისუფლება წამალს ბავშვებს? რატომ გარბიან ოჯახები ქვეყნიდან, რატომ წავიდნენ სკოლის ასაკის ბავშვები უცხოეთში, ემიგრაციაში, თავად რატომ არ მიდის ჯარში, რატომ არ სწავლობს საქართველოში და მერე ვეღარ მოახდენს გავლენას ამ ადამიანებზე ტყუილებით.
ჩემს სოფელში რომ ცოტნე ივანიშვილი მოვიდეს, იმას როგორ ამოვაღებინებ ხმას. პირველი მე დავდგები და სათქმელს პირში მივახლი.
აგერ, ნოქალაქევში რუსებმა იყიდეს გეიზერები და რუსულ აუდიტორიას ეპატიჟებიან ინსტაგრამით და ფეისბუქით. ამაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, როგორ ყიდიან ჩვენს ბუნებრივ რესურსებს რუსებზე და რა კორუფციული სქემები და გარიგებები აქვთ.
მე თუ გავაქირავე სახლი თბილისში და გადმოვედი ქუთაისში, რომ ველაპარაკო ამ ადამიანებს, ეს პარტიები რას აკეთებენ? მათ არ ევალებათ, რომ ჩამოვიდნენ და იმუშაონ ადამიანებთან, თუ ცოტნე ივანიშვილს უნდა დაუტოვონ რეგიონები პოპულიზმისთვის.







