ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს.
საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად:
800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების სახელობის ტაძრისა და მონასტრისათვის;
250 კვ.მ. – სოფელ ქობულეთის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრისათვის;
800 კვ.მ. – სოფელ აჭყვისთავის აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისათვის;
1200 კვ.მ. – ბათუმის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრისათვის;
250 კვ.მ. – განთიადის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრისათვის.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეკლესია/მონასტრების ეზოებისთვის მეორადი ქვაფენილის გადაცემაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის წერილი ბათუმის მერიაში 2026 წლის 10 მარტს შევიდა.
„მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არაა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადასცეს უშუალოდ ეკლესია/მონასტრებსა და გიმნაზიას.
ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში მუდმივ სარგებლობაში გადასცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“…
შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოთხოვნილი მეორადი ქვაფენილები [3300,00 კვ.მ.] ეკლესია/მონატრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“. – წერია განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულებისაა საპატრიარქოსთვის მუდმივ სარგებლობაში გადასაცემი ქონება. თუმცა, 3 წლის წინანდელი ფასი რომ ავიღოთ, ამ ქონების ღირებულება მინიმუმ 132 ათასი ლარია. საქმე იმაშია, რომ სამი წლის წინ მერიას 1 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი 40 ლარად ჰქონდა შეფასებული.
უცნობია, მერია საპატრიარქოს ქვაფენილს საკრებულოს მიერ საკითხის განხილვის შემდეგ გადასცემს, თუ უკვე გადასცა, რადგან, მაგალითად, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მერიამ ქვაფენილი ჯერ აყარა და შემდეგ შეუთანხმა ეს საკითხი საკრებულოს.
ამ თემაზე ვრცლად: უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.
შესაბამისად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია საპატრიარქოს ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს.
ამ თემაზე:
ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი






