მთავარი,სიახლეები

ქუთაისში აგვისტოს ომის მემორიალი ისე განაახლეს, რუსეთი არ ახსენეს – პროტესტის შემდეგ წარწერა მოხსნეს

06.04.2026
ქუთაისში აგვისტოს ომის მემორიალი ისე განაახლეს, რუსეთი არ ახსენეს – პროტესტის შემდეგ წარწერა მოხსნეს

ქუთაისში რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებში ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო.

ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო.

სოციალურ ქსელში მემორიალის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

6 აპრილის საღამოს მემორიალიდან წარწერა მოხსნეს.

ასე გამოიყურებოდა მემორიალი 6 აპრილის დილას

მოქალაქეთა პროტესტის შემდეგ წარწერა ჩამოხსნეს

„რას ნიშნავს 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი? სად აწერია წელი და სად აწერია ვისთან გვქონდა ომი ან რას ნიშნავს უბრალოდ თარიღი 8 აგვისტო. მეომრები დაიღუპნენ მანამდეც და 8 აგვისტოს შემდეგაც.

თუ ეს მორიგი მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ომს დაარქვან კონკრეტული სახელი – 8 აგვისტო, რაც პირდაპირ, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან რუსეთი ამბობს, რომ ქართველებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს 8 აგვისტოს,“- ამბობს ქუთაისში მცხოვრები მიშა მუმლაძე.

მან ახალი მემორიალის ამსახველი ვიდეო ფეისბუქში გამოაქვეყნა და მისი დიზაინი შინაარსის გამო გააკრიტიკა.

მიშა მუმლაძეს „ბათუმელებიც“ ესაუბრა. მისი თქმით, მემორიალის ამ ფორმით გაკეთება აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა.

„სინამდვილეში, რუსეთი აწყობდა პროვოკაციებს და მან ბევრად ადრე დაიწყო ომი. საერთოდაც, რუსეთმა საქართველოში ომი 1801 წელს დაიწყო კახეთის ანექსიით,“-ამბობს მიშა მუმლაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად დღეს, 6 აპრილს, სხვა მოქალაქეებიც შეიკრიბონ მემორიალთან.

„ძველ ვერსიაზე 8 აგვისტო არ ეწერა, ახალ ვერსიაზე გაჩნდა და სწორედ ეს აჩენს ეჭვს. მე არსად მსმენია, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი.

გარდა ამისა, ხომ უნდა ეწეროს, ვინ გვებრძოდა ამ ომში? რომელ წელს მოხდა ეს ომი?

მომავალმა თაობამ ხომ უნდა ნახოს ეს მემორიალი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს დეტალები მემორიალზე ეწეროს,“- გვითხრა მიშა მუმლაძემ.

მემორიალის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ 164 000-ლარიანი ტენდერი 2025 წლის 7 ივლისს გამოაცხადა.

ხელშეკრულება ამავე თანხაზე შპს „სანი 2020“-სთან გააფორმა.

მემორიალის სრულად განახლდების გარდა, ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო სკვერი, გამწვანება და განათება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული მემორიალის წინ ჯარისკაცის და ქალის სკულპტურაც უნდა დამატებულიყო.

მემორიალის ესკიზი.

ასე გამოიყურება მემორიალის ძველი ვერსია, სადაც აგვისტოს ომის თარიღად „8 აგვისტო“ არსად არ არის ნახსენები.

მემორიალის ძველი ვერსია, განახლებამდე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ქუთაისის მერიის პრესამსახურს და ჰკითხა, თუ ვისთან შეთანხმდა მემორიალზე განსათავსებელი წარწერის შინაარსი? რატომ არ არის ნახსენები „რუსეთ-საქართველოს ომი“ და ომის დაწყების წელი და თარიღი?

ქუთაისის მერიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მათ კომენტარს აქვე შემოგთავაზებთ. 

2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: