მთავარი,სიახლეები

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

29.03.2026
„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა.

მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოხდება ამ ძაღლების ევთანაზია.

ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026

„დღეს თბილისშიც არის მორიგი აქცია და ყველა ცხოველთა დამცველს ვუერთდებით ბათუმიდან. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი პროგრამაზე, რომელიც ასტერილიზებს ძაღლებს ან გადაჰყავთ დაჩიპვაზე, აცრაზე. გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – აუცილებლად ამოღებული უნდა იქნეს შესაბამისი განკარგულების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ძაღლების აშკარად გაქრობას, დახოცვას, მკვლელობას, ევთანაზიას. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ აი ამ კანონს. ეს პუნქტი აუცილებლად უნდა ამოიშალოს.“ – ამბობს ცხოველთა დამცველი ნონა ჯიქია.

საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისში 14 მარტსაც გამართეს.

ამ თემაზე: „ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

2026 წლის 25 თებერვლის 412-ე განკარგულებით დამტკიცდა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა, რომელშიც აღნიშნულია:

„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“

„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის [პროგრამის] დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის 92-ე დადგენილებით კი პროგრამა 2027-2028 წლებშიც უნდა განხორციელდეს.

ამ დადგენილებით, „იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების [ლეიშმანიოზი, ჭირი] ჩატარების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება უპატრონო/ მიკედლებული ძაღლების დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა… [შესაბამისი] ღონისძიებების ჩატარების შემდგომ სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება.“

თუმცა, ამ შემთხვევაშიც –

„აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.“

„უბრალოდ მინდა კითხვა დავუსვა სასურსათოს, ან ვინც ხელი მოაწერა ამ კანონს: ძაღლი, რომელიც არ უნდა იქნეს დაბრუნებული არეალში — ბაღებთან, სკოლებთან, პარკებთან, რესტორნებთან… სად უნდა იყოს მაშინ ის ძაღლი, რომელიც ადამიანის მეგობარია და რომელსაც არ შეუძლია ცხოვრება ადამიანის გარეშე? იქ, სადაც მოიპოვებენ საკვებს, სადაც აჭმევს ხალხი… მე და სხვა ცხოველთა მოყვარულები ყოველდღე ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვაჭმევთ მიუსაფრებს. სად უნდა წავიდნენ ეს ძაღლები? რომელ არეალში უნდა იქნან გადაყვანილი?

ესე იგი, ძაღლები უნდა გადაიყვანონ ტყეში ტურებთან და მგლებთან და მოკვდნენ შიმშილით? ეს ხომ გენოციდია? არ შეიძლება ეს! ძაღლი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც ადამიანები არიან,“ – ამბობს ნონა ჯიქია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „დღესაც ქრებიან ბათუმიდან ძაღლები. სასურსათო ყველგან დადის და გაჰყავთ. ამ ეტაპზე ჯოჯოხეთია მოწყობილი. წერილობითაც მივმართეთ, პეტიციაც შევქმენით, ყველაფერი გავაკეთეთ.“

ნონა ჯიქიას თქმით „გურჯაანში, თელავში — მთელ კახეთში საშინელება ხდება. ასევე იმერეთში. ოჯახებიდანაც კი გაჰყავთ ძაღლები, იპარავენ პატრონიან ძაღლებს. ბავშვს ხელიდან ტირილით გამოსტაცეს თავისი ძაღლი სეირნობისას და წაიყვანეს.“

ცხოველების უფლებადამცველთა და მოყვარულთა აქცია ბათუმში / 29.03.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

მე გახლავართ ცხოველთა დახმარებისა და გადარჩენის გუნდის, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ჩვენ დღეს აჭარიდან ვუერთდებით თბილისში გამართულ ცხოველთა დამცველთა და მოყვარულთა აქციას და ვითხოვთ მკვლელი კანონის შეჩერებას.

არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნეში ჩვენ მოგვიხდებოდა ბრძოლა მიუსაფართა სიცოცხლის გადასარჩენად. მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ყოველდღიურად უგზო-უკვლოდ ქრებიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მიჰყავთ საჭდიანი, სტერილიზებული და ვაქცინირებული მიკედლებული ცუგები და ის ადამიანები, რომლებიც წლებია მათზე ზრუნავდნენ, ვერსად პოულობენ მათ.

მივმართავ მთავრობას, შეაჩერონ ეს დადგენილება და ჰუმანური გზით მოხდეს მიუსაფრების პრობლემების მოგვარება.“ – ამბობს ცხოველთა უფლებების დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი, ლანა შაშიაშვილი.

მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია ბათუმში გასული წლის აგვისტოშიც გაიმართა:

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

„მინდა გავამახვილო ყურადღება ბათუმის თავშესაფარზეც, რომელიც ჩაქვში შენდებოდა. დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეაჩერეს. რატომ? დავსვით კითხვა და აღმოჩნდა, თურმე არ ვარგა მიწა, არ ვარგა გრუნტი და ამიტომ არ აშენდება თავშესაფარი. მაშინ რა უნდა ვქნათ?“ – კითხულობს ნონა ჯიქია.

ამ თემაზე:

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: