მთავარი,სიახლეები

შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს

27.03.2026
შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს

შსს-მ ბათუმში დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსებაში.

შსს-ს მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასი ლარის ყალბი კუპიურები შეიტანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  გ.გ. და 1984 წელს დაბადებული ჯ.შ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს  ბათუმში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად  ყალბი კუპიურები  მოათავსეს.  ყალბი კუპიურები  აპარატების მიერ აღქმული იქნა  რეალურ ფულად თანხად, რის შედეგადაც  ბრალდებულების მიერ მითითებულ  სხვადასხვა ანგარიშზე  8000-მდე ლარი აისახა.

ყალბი კუპიურების ნაწილის ანგარიშებზე ასახვა კი დაკავებულებმა ვერ განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად,  ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.