ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ.
ამის შესახებ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომისას გახდა ცნობილი.
მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის მინიჭების პროცედურები უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. მიმართული გვაქვს წერილით და იმედია, რომ დაიწყებენ პროცედურას“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მან მოსამართლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის გაგზავნილი წერილები გადასცა.
როგორც ცნობილია მზია ამაღლობელს მხედველობა ციხეში ყოფნის პერიოდში დრამატულად გაუუარესდა. სამედიცინო „ფორმა 100-ის“ მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე ჰქონდა დაავადება კერატოკონუსი, ხოლო მარჯვენაზე არ ჰქონდა.
2025 წლის 4-6 თებერვალს „ვივამედში“ მზია ამაღლობელს ორი კვლევა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ მზია ამაღლობელს ერთ თვალში (მარცხენა) მხედველობა პრაქტიკულად არ ჰქონდა, მეორეში (მარჯვენა) კი დაახლოებით 10% ჰქონდა დარჩენილი.
სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კომისიის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით მზია ამაღლობელს მე-3 ხარისხის კერატოკონუსი ჰქონდა ორივე თვალზე.
ადვოკატებმა მიაღწიეს იმას, რომ მზია ამაღლობელს განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდა ივლისში.
2025 წლის 22 ივლისით დათარიღებული „ფორმა 100“-ის მიხედვით, მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე უკვე აქვს მე-4 ხარისხის კერატოკონუსი და ამ თვალში მხედველობა არის მხოლოდ 0,01 (ფაქტობრივად არა აქვს), ასევე კიდევ უფრო გაუარესებულია მარჯვენა თვალის მხედველობითი უნარი.
სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მზია ამაღლობელის ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებას სთხოვენ დაიწყონ პროცედურა და მზია ამაღლობელს მიანიჭონ შშმ პირის სტატუსი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
მზია ამაღლობელის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
ამავე თემაზე:
„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი






