მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია

14.11.2025
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის და ნაძვის ხეები ჩააბეტონეს.

როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ, ლელა ჯაფარიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჩაბეტონებული ხეები 10 ნოემბერს შენიშნა პირველად.

„ხეების წინ კორპუსები აშენდა, ალბათ ამ ხეების მოჭრას აპირებენ და ამიტომ დააბეტონეს“ – ამბობს მოქალაქე.

კადრებზე, რომლებიც მოგვაწოდეს, ჩანს 3 ევკალიპტის ხე, რომელთა ფესვებიც მთლიანად ბეტონითაა დაფარული.

მოქალაქის თქმით, ევკალიპტის ხეები 50-ზე მეტი წლის იქნება. „ძალიან არ მინდა, რომ ეს ხეები მოჭრან“ – ამბობს ლელა ჯაფარიძე.

ამავე ქუჩაზე დგას წიწვოვანი ხეებიც, ისინი ნახევრადაა დაბეტონებული.

ამავე ქუჩაზე მდგარი წიწვოვანი ხეების ძირები, ევკალიპტებისგან განსხვავებით სანახევროდაა დაბეტონებული.

ვინ ჩააბეტონა ხეები და რატომ არ მოახდინა მერიამ რეაგირება ფაქტზე? – ამ კითხვით ბათუმის მერიას მივმართეთ.

დღეს, 14 ნოემბერს, მერიიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების საფუძველზე, ანგისის #50-ში მწვანე ნარგავების ჩაბეტონების ფაქტზე „გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც განახორციელეს სამართალდარღვევა“.

„ბეტონის საფარი უკვე გაწმენდილია ხე-მცენარეების ირგვლივ, თავად სამართალდამრღვევების მიერ“ – მოგვწერეს მერიიდან.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: