განათლება,მთავარი,სიახლეები

„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ

12.11.2025
„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ

„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.

ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა მარტო უნივერსიტეტების ავტონომიას, არამედ, მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემას.

  • ბატონო ბეჟან, თქვენი აზრით, რა ელოდება ქართულ უნივერსიტეტებს, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანა?

ძალიან მძიმე მდგომარეობას მივიღებთ, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის. მთავარი მიზანი მაინც არის უნივერსიტეტების დამორჩილება ხელისუფლებისადმი, უფრო სწორად, პოლიტიკური პარტიისადმი და ეს პარტია იქნება მესაჭე, მმართველი ყველასი და ყველაფრის.

80-იან წლებში, როცა სტუდენტური მოძრაობა იწყებოდა, პირველი ამოცანა იყო უნივერსიტეტის ავტონომიის მოპოვება და მახსოვს, მაშინაც ვამბობდი, რომ ჯერ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან დაპყრობილ ქვეყანაში უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ვერ იქნება.

ახლა ჩვენ სწორედ ამ მაგალითს ვუყურებთ. თავისუფალი უნივერსიტეტები არსებობს მხოლოდ თავისუფალ სახელმწიფოებში, სხვა შემთხვევაში ის არის ხელისუფლების პროპაგანდის და იდეოლოგიური მხარდაჭერის ორგანო, როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში.

„ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება ისეთი უნივერსიტეტები, რომლებიც იქნებიან მისი იდეოლოგიური მხარდამჭერები და გახდებიან პროპაგანდის საშუალება.

რასაკვირველია, ამ ვითარებაში „ოცნება“ შეზღუდავს თავისუფალ პროფესურას, ხელს შეუშლის პროგრამების ინტერნაციონალიზაციას და უცხოეთთან კონტაქტებს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ამ ქვეყნის მომავლისათვის, თუკი ეს რეფორმა გატარდა.

  • ესე იგი, საბჭოთა ტიპის მოდელს ქმნიან? თუ რაიმე უფრო უარესიც შეიძლება მივიღოთ?

საბჭოთა მოდელს ქმნის. როცა უნივერსიტეტს რაღაც პროგრამებს უკრძალავ და შემდეგ სახელმწიფო განუსაზღვრავს უნივერსიტეტს პროფილს, პროგრამებსაც თვითონ შეადგენს, თვითონ აპირებს განსაზღვროს რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი იყოს – ეს არის საბჭოთა მოდელი.

ესენი ხომ ზოგადად ფსევდო-ნაციონალიზმით გვებრძვიან, ხომ?! „მშვიდობა გვინდა“, „ეროვნული სახელმწიფო გვინდა“, „ევროპა არ გვინდა“. ამ ლოზუნგებით მოდიან. „სააკაშვილმა თურქები ჩამოასახლა“ იძახდნენ და ახლა, თვითონ არაბულ სოფლებს და ქალაქებს ქმნიან. მაგრამ გასდით პროპაგანდის საშუალებით.

ესენი ამ პროპაგანდის ხალხია და ახლა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თქვენი შვილები უკეთესები გაიზრდებიან, თუკი სახელმწიფო აღზრდის მათ. საბჭოთა მენტალობის ხალხია.

ამიტომ არის, რომ ბრძოლა ისეთ უნივერსიტეტებს გამოუცხადეს, სადაც ავტორიტეტები არ არიან, თავისუფალი იდეებია და ცოდნის მიღება ხდება, კოგნიტური უნარების განვითარება ხდება სტუდენტებში.  ლექცია უნდა იყოს ინტერაქტიული, სტუდენტებმა უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დასვან კითხვები და მივიდნენ გარკვეულ დასკვნამდე. ანუ დასკვნის გაკეთების, შეფასების უნარი უნდა გამოუმუშავდეთ, ხომ?! და ეს არ მოსწონთ, ამას ებრძვიან.

ვფიქრობ, ამ მხრივ გამორჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწორედ ამ უნივერსიტეტის განადგურება უნდათ ყველაზე მეტად.

ყველაზე დიდი დანაშაული იყო, როცა თვალი დავხუჭეთ იმაზე, როცა პირველად დაესხნენ თავს უნივერსიტეტებს და თავისუფალი უნივერსიტეტი გააუქმეს. „ილიაუნს“ ართმევდნენ ავტორიზაციას. შეცდომა იყო ისიც, რომ უნივერსიტეტებს იურიდიული სტატუსი შეუცვალეს და აიპ-იდან სიპ-ზე გადაიყვანეს.

უნივერსიტეტებს თავისუფალი ბაზარი უნდა მიეცეთ და შემდეგ თავად გადაწყვეტენ, როგორ უნდა განვითარდნენ.

თუ ერთპროფილიანი იქნებიან უნივერსიტეტები, მაშინ ინტერდისციპლინურ პროგრამებს ვერ შევქმნით. აი, მაგალითად, შუა საუკუნეების ეპოქა რომ შეისწავლო, შუა საუკუნეების ადამიანი უნდა შეისწავლო, ხომ?! მისი აზროვნება უნდა იცოდე, ხელოვნება უნდა იცოდე, არქეოლოგიური ძეგლები უნდა იცოდე, არქიტექტურა, ლიტერატურა და ასე შემდეგ. ეს რეფორმა ასეთი პროგრამების შექმნის შესაძლებლობას მიკარგავს, მე, როგორც ისტორიკოსს და ამ დროს მსოფლიოში ასეთი პროგრამებია დღეს პროგრესული.

სპეციალურად შლიან ამ ყველაფერს და გადავყავართ საბჭოთა სისტემაში.

მახსოვს, პროფესორები მყავდა, რომ შემოვიდოდნენ აუდიტორიაში, კითხვას ვერ დაუსვამდი. მიაპყრობდნენ ჭერს თვალებს და ასე გადიოდა ლექცია და ვიღაცას დღესაც კი, კარგი ჰგონია ასეთი საბჭოთა სისტემა.

ხუთი სემესტრი მიკითხავდნენ საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიას, სამი სემესტრი – სკკპ ისტორიას, ორი სემესტრი – მეცნიერულ კომუნიზმს, ორი სემესტრი – დიალექტიკურ მატერიალიზმს, ორი სემესტრი – ისტორიულ მატერიალიზმს… გესმით?!

  • და პროფესიას რომელ სემესტრში ეუფლებოდით?

მაგას გეუბნებით, რომ ერთ სემესტრში ვაბარებდი 5 გამოცდას და მინიმუმ 10 ჩათვლას. 15 საგანს ერთ სემესტრში როგორ ისწავლიდი? ამიტომ ეს იყო ყველაფერი ფორმალური, რასაც აკეთებდნენ.

ამიტომ, ასეთ უნივერსიტეტებს შექმნიან, სადაც ფორმალური იქნება განათლება და რეალურად აგიტატორებს გამოზრდიან, როგორც დღეს მასწავლებლების დიდი ნაწილი ჰყავთ ჩართული საარჩევნო სისტემაში და გამოზრდიან თაობას, რომელსაც არ ექნება გაზიარებული დასავლური გამოცდილება.

პროგრამების შემცირება გამოიწვევს ასევე იმას, რომ სტუდენტებს აღარ მიეცემათ შესაძლებლობა, რომელიმე სემესტრი ევროპულ უნივერსიტეტებში გაიარონ. მე მყავს, მაგალითად, სტუდენტები, რომლებმაც თითო სემესტრი მაინც გაიარეს ევროპულ უნივერსიტეტებში და თუ „ოცნების“ მოდელზე გადავალთ, ამის შესაძლებლობა უკვე სხვა სტუდენტებს აღარ ექნებათ.

ინგრევა უწყვეტი განათლების სისტემა და უნივერსიტეტებშიც მხოლოდ თავიანთი ნომენკლატურის ხალხს დატოვებენ.

  • სისტემას უნგრევენ ახალგაზრდებს, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს „ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების მომავალზე, მათ ხომ ევროპაში ჰყავთ თავიანთი ოჯახის წევრები ან აშშ-ში. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი იქნებიან კონკურენციაში იმ თაობასთან, რომლებსაც დღეს დასავლეთის კარებს უკეტავენ და იზოლაციაში ტოვებენ?

აი, დააკვირდით, ვინც ამბობს, რომ ევროპა არ უნდათ, სწორედ მათი შვილები სწავლობენ ევროპაში და არათუ სწავლობენ, იქ არიან დაბადებული და ევროპის და აშშ-ს მოქალაქეები არიან. ამ შესაძლებლობებს სხვისთვის ჩაკეტავენ და მხოლოდ მათი ნომენკლატურისთვის იქნება გზა გახსნილი.

ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს დღეს აკადემიურ სფეროს რეჟიმთან წინააღმდეგობის უნარი და შეძლებთ თუ არა დაიცვათ უნივერსიტეტების ავტონომია?

რთულია ამაზე პასუხი, რადგან ჩვენ აღარც კი გვიტოვებენ დროს იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე მოვახდინოთ კონცენტრირება, რადგან ახალ სკანდალებს ქმნიან ყოველდღე და ამაზე ცდილობენ საზოგადოების ყურადღების გადატანას, მაშინ როცა ამდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, იკარგება ეკონომიკა და ასეთი ქაოსით უნდათ ქვეყნის მართვა. სტუდენტებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან, თან სწავლობენ, თან მძიმე პირობებში მუშაობენ…

  • თუ მათი დიპლომი დაკარგავს ფასს, აღარ ექნებათ თანასწორ გარემოში დასაქმების უფლება და ღია საზოგადოებაში ცხოვრების საშუალება, რა აზრი აქვს მაშინ ასეთ მუშაობას ან დიპლომს, ამაზე არ უფიქრიათ?

ხომ ხედავთ რა გარემოს ქმნიან? ისეთი ადამიანები ჰყავთ თანამდებობებზე, ზოგიერთი თავის დიპლომსაც ვერ პოულობს. აღარც დასჭირდება ბევრს განათლება და დიპლომი, რადგან არც იქნება ამაზე მოთხოვნა.

თანაც, ძალიან ბევრს, ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია და არ უნდა ამის დაჯერება, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი ჩაიკეტოს, რომ ეს შესაძლებელია. 1921 წელსაც ბევრს არ ეგონა, რომ საფრანგეთის ან სხვა ევროპის უნივერსიტეტში ვეღარ ისწავლიდა, მაგრამ ასე მოხდა. ყველაფერი ჩაიკეტა.

  • რა იქნება ის წერტილი, რომელიც ამ საშიშროებას დაანახებს მათ?

მეც ეგ მიკვირს, რომ ეს ადამიანები ასეთ მძიმე მდგომარეობაში არიან და მაინც ვერ იაზრებენ ბევრ რამეს. „ვმუშაობ თან ვსწავლობ, მეტი რა მინდა“ – აი, ამ გადმოსახედიდან უყურებენ ყველაფერს.

რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ, უფრო მეტად დაკარგავენ ღირებულებებს, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მორალურად გატეხონ ახალგაზრდობა, სტუდენტები, პროფესორები. ხედავთ ხომ, სულ რამდენიმე პროფესორი აქტიურობს დღესაც. ეს ადამიანები უშვებენ იმას, რომ იმუშაონ ისეთ რექტორებთან, რომლებიც პარტიას ემსახურებიან და არა უნივერსიტეტს.

  • მაშინ გამოდის, რომ რეჟიმი ამ სფეროშიც აღწევს მიზანს?

ვფიქრობ, გამარჯვების შანსი გვაქვს, მაგრამ უნდა იყოს მეტი ერთობა, მასშტაბური გაფიცვები და წინააღმდეგობა, მაგრამ სამწუხაროდ, ინტელექტუალურ ნაწილშიც კი არ არსებობს დღეს წინააღმდეგობის ერთიანობის სისტემა. გამოსავალი არის ისევ იმაშიც, რასაც ვაკეთებთ – თქვენ აშუქებთ ამ თემებს, ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის წინააღმდეგობა უნდა გამოჩნდეს.

სტუდენტების ნაწილიც ცდილობს გამოხატოს  პროტესტი – „არ იყიდება“, ეს ბანერია გამოფენილი „ილიაუნზე“. უბრალოდ, უფრო მეტი ერთიანობა გვჭირდება, რადგან რეჟიმის მიზანია, საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს ერთმანეთთან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: