შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.
საქმე ეხება 19 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარ შემთხვევას, როცა ქუჩაში მამა-შვილი დაჭრეს ცივი იარაღით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. – მ და ო.ჯ. – მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ – წერს შსს.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






