დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი.
საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მისმა შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა, რომ მამამისთან პოლიცია იყო შესული, რის შემდეგაც გიორგი ჩახუნაშვილის სახლთან ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები მივიდნენ – ბინის კარი მათ დაკეტილი დახვდათ.
დაახლოებით 30 წუთში ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო და ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. პოლიციამ ფაქტობრივად ძალის გამოყენებით დაატოვებინა აქციის მონაწილეებს სადარბაზო.
„გიორგი! გიორგი!“ – სკანდირებდნენ ეზოში სახლთან შეკრებილები.
გიორგი ჩახუნაშვილი პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგია.
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.
დღეს, 9 ოქტომბერს, 22:30 საათზე შსს-მ განაცხადა, რომ კიდევ 8 პირი დააკავეს 4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დროისთვის სულ დაკავებულია 44 პირი. ამავე დროს, შსს აცხადებს, რომ 4 პირი მიმალვაშია.
ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი:






