„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან ორი ადამიანია დაკავებული.
მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
მეორე დაკავებული სულხან ფაღავაა, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ.
როგორც „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს „ბათუმელებთან“, სულხან ფაღავა კუდის ყოფილი თანამშრომელია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები უპოვეს, რომელიც ფაღავას სახელზე იყო რეგისტრირებული. თუმცა მას ეს იარაღი უკვე გაჩუქებული აქვს.
იმავე დღეს ფაღავასთან ერთად დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] ყოფილი უფროსი, რუსლან შამახიაც. მასაც ასევე ტყვიები აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.
„შამახიაც ყოფილი პოლიციელია და, ბუნებრივია, ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. ამიტომ ის გამოუშვეს. ფაღავა კი, რადგან გაჩუქებული აქვს იარაღი, ამის გამო დატოვეს პატიმრობაში. თუმცა ამ დეტალებზე ადვოკატი ისაუბრებს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
ადვოკატ მარიკა არევაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე 13 პირია დაკავებული.
დაკავებულნი არიან: თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნევერიანი, დავით ჟღენტი, ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშვიაშვილი, გიორგი რურუა, ვახო ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახა მჟავანაძე, სერგი მეგრელიშვილი.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით)
225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით)
187-ე – ნივთის დაზიანება, ან განადგურება (ითვალისწინებს პატიმრობას 1-დან 5 წლამდე).
ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.






