მთავარი,სიახლეები

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს

04.10.2025
ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დაკავებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობაზე, სავარაუდოდ, „30-ზე ბევრად მეტ ადამიანს“ დააკავებენ სისხლის სამართლის წესით.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს გააკეთა, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

„როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. რეალურად დღეს დაინახეს, რომ რვა საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული. მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს.

ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში.

მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები.

დანარჩენი დაელოდონ პასუხს – პასუხი იქნება მკაცრი. შეუტიეს პრეზიდენტის სასახლეს, ელოდნენ, რომ იქ არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი. უცბად გამოვიდა სპეცრაზმი იმ შენობიდანაც.

ყველა ასეთ პატარა სიურპრიზზე მიიღებენ იმას, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა – უცხოური აგენტურა და მათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. საღამოს 7 საათისათვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და ენმ-ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ მიმართეს.

მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისაკენ და „ჩაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას გაემიჯნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიების „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: