„ცეეეცხლიიი ოლიგარქიას!“- თუ ბათუმში ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ამ შეძახილს აუცილებლად გაიგონებდით. ეს 20 წლის სტუდენტის, ლარა ქარცივაძის ხმაა.
ლარას ხმა აფხიზლებს ბათუმში პროტესტს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ქუჩებში – საპროტესტო მარშებზე, სასამართლოს ფოიეში, უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის. 20 წლის სტუდენტი, ლარა ქარცივაძე ბათუმის პროტესტის აქტიური მონაწილეა, ის არ ჩერდება, როგორც თავად ამბობს – „ვერ ჩერდება, როცა სამშობლო რუსეთის პირისპირ იბრძვის“.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყეს და თავადაც შეუერთდა პროტესტს. მაშინ 17 წლის იყო.
ლარა გვიყვება, რომ მანამდე ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე მივიდა სოლიდარობისთვის, ოღონდ მაშინ კარგად არ მქონდა გააზრებული რას ნიშნავდა სოლიდარობა და მხარდაჭერაო.
„ასე, უცებ გულმა წამიყვანა იქ, სადაც ხალხი იდგა და ითხოვდნენ რაღაც კონკრეტულს. შემდეგ უკვე რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩავერთე“ – იხსენებს ლარა.
ლარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მომავალში სპეციალიზებული საგანმანათლებლო კურსის გავლას გეგმავს. სწავლის პარალელურად მუშაობს, პერსონალური ასისტენტია და თავისი საქმე ძალიან მოსწონს:
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვეხმარები დამოუკიდებელ ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული აქტივობაა ჩემთვის. ყოველდღიურად მაქვს ადამიანებთან შეხება, რომლებსაც ვჭირდები ფიზიკურად და მორალურად.“
მეტი ცოდნის მიღების სურვილი 13 წლის ასაკში გაუჩნდა. იფიქრა, რომ საკმარისი არ იყო, რასაც სკოლაში ასწავლიდნენ. ეს იმ პროექტმაც განაპირობა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს „მის სკოლაში შეაღწია“. გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი სჭირდებოდა. სხვადასხვა შეხვედრასა და ტრენინგზე დასასწრებად ყოველდღე დადიოდა ქობულეთიდან, სოფელ ხალადან ბათუმში, რაც მარტივი არ იყო, მაგრამ შეძლო:
„შეხვედრებს, ტრენინგებს ვესწრებოდი. მთავარი მიზანი იყო შემეცნება, როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოში ადაპტაციის სურვილი. მინდოდა, საგანმანათლებლო სივრცეებიდან მინიმალური ცოდნა მაინც წამეღო, ახალი ადამიანები გამეცნო, რომლებიც მომავალში დამეხმარებოდნენ.
საკუთარი თავის ძიებაში ბევრი პროფესია ვცადე, ფოტოგრაფია, მარკეტინგი… არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომცეს შესაძლებლობა, წამოვსულიყავი იმ გარემოდან, რომელიც ორიენტირებული იყო ქალების ჩაგვრაზე და მხოლოდ იმაზე, ძალიან ზოგადი, ასე ვთქვათ, შაბლონური ცოდნა მიმეღო, როგორც მოსწავლეს.
თამამად ვიტყვი, რომ როგორც გოგომ, სკოლაში მე დავიწყე იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო პატრიარქალურ ძალაუფლებასთან. მსგავს საკითხებზე მსჯელობით მე ვამბობდი, რომ შემიძლია თავისუფალი აზროვნება და ვარ გოგო, რომელსაც სკოლაში შემოაქვს საკითხები გენდერული ნიშნით ჩაგვრის წინააღმდეგ“.
ლარა ამიტომაც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პროექტები მნიშვნელოვანი იყო განათლების მისაღებად და ახალი გზების ძიების დასაწყებად:
„ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ზოგადი კონცეფციით ეხმარება ქვეყნებს, რომ განვითარდნენ, ეს არის შესაძლებლობა, გარანტია, რომ თუნდაც სოფლის სკოლებში არსებობდეს ძალიან პატარა სივრცე იმისთვის, რომ ბავშვებმა თავისუფალი სიტყვის არსი და აზროვნების განვითარება მოახერხონ. ეს შესაძლებლობა 13 წლის ასაკში პირველად გამიჩნდა“.
ლარა ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობამ ბევრი რამ ასწავლა:
„ძალიან გამზარდა პროტესტმა, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე და ახლა უკვე როგორც აქტივისტი. გამიჩნდა გულწრფელი განცდა, რომ ერთ-ერთი ვარ იმათგან, რომელსაც შეუძლია ქვეყნის აშენებასა და განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა“.
ლარა სამშობლოს ოჯახთან აიგივებს:
„ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებული რაც უნდა იყოს, არის ოჯახი და სამშობლო. მე დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული იყო სამართლიანობა. მამაჩემს დღემდე სოფელში მოიხსენიებენ მართალ კაცად.“
ლარასთან საუბარში ხშირად ვუბრუნდებოდით საკითხებს ქალების უფლებებზე, მათ ბრძოლაზე, ძალაზე. ლარამ გვითხრა, რომ ორი ქალია მის ცხოვრებაში, რომლებმაც რაღაც ღირებული ასწავლეს. ეს ქალები არიან დედა და მზია ამაღლობელი, რომელიც მისთვის ახლობელი გახდა:
„ჩემი 20 წლის ცხოვრების მანძილზე, ვინც მასწავლა და ღირებული გახადა ჩემი ცხოვრება, არიან დედაჩემი და მზია ამაღლობელი. მზიას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ შეუძლებელია ასეთი მტკიცე ხასიათის, ღირებული და ასეთი მშვიდი იყო ადამიანი იმ პატრიარქალური გარემოს და იმ დიქტატურის მიმართ, რომელიც ღირსებას გილახავს ერთი პოლიციელით“.
ამ თემაზე საუბრისას ლარა ისევ ქალთა უფლებების საკითხს უბრუნდება და ამბობს, რომ ოჯახში საკუთარი „დამოუკიდებლობის კონცეფცია“ 13 წლის ასაკში შექმნა, როცა სოფლიდან ბათუმში დაიწყო სისტემატურად სიარული მეტი განათლების მისაღებად:
„ადვილი არ იყო, როცა გადავწყვიტე, რომ მე, გოგო, მივდივარ მარტო ქალაქში და ვცდილობ მარტო გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რომელიც 13 წლის ასაკში შეიძლება, რომ ჰქონდეს მოზარდს.
მაგრამ დღემდე ვამბობ, რომ არ გამოვსულიყავი და დამოუკიდებლად არ დამეწყო საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვა, დღეს დედაჩემს უფრო მეტი სტრესი და პასუხისმგებლობა ექნებოდა ჩემ მიმართ, ვიდრე ახლა აქვს. ახლა დედას გააზრებული აქვს, რომ დამოუკიდებელი ქალი ვარ და დღევანდელი გამოწვევებიც მარტივად გადალახვადია ჩემს შემთხვევაში.
დამოუკიდებლობის კონცეფცია შევქმენი საკუთარ ოჯახში, რომ მიუხედავად ჩემი სქესისა, გენდერისა, შემიძლია თავისუფლად ვიცხოვრო, თუნდაც პატრიარქალურ გარემოში“.
ლარა გვიყვება, როგორ რეაგირებს მისი ოჯახი, როცა ლარა აქციაზეა:
„ბევრჯერ მოუწია დედაჩემს ჩემ გამო ნერვიულობა, მაგრამ ამდენჯერ – არასოდეს.
პროტესტი შეუძლებელია ნერვიულობის, შფოთვის გარეშე. მშვიდად ვერ იქნები.
ნერვიულობენ ჩემი თამამი ნაბიჯების გამო, რომელსაც არ ვნანობ, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. მთავარი ღირებულება სამართლიანობაა, სამართლიანობის აღსადგენად და დასამკვიდრებლად მათ შეუძლიათ ემოციების გამოხატვაზე თქვან უარი და ახლაც ამ რეჟიმში არიან. ოჯახში ოპოზიციური განწყობაა. მუდმივად გვაქვს დისკუსია იმაზე, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, ის არის მამოტივირებელი ძალა, რის გამოც აქციაზე უნდა ვიდგე“.
ლარას დილა გაჯეტებით იწყება:
„ასეთ პირობებში შეუძლებელია ადგე, ყავა დალიო, იოგით დაკავდე და ა.შ. უბრალოდ ვემზადები მორალურად, რომ მთელი დღის განმავლობაში მომიწევს პროტესტში ყოფნა, ან მუშაობა, ან რაღაც მსგავსი ამოცანის შესრულება“.
ლარა მეორე კურსის სტუდენტია, პროტესტის პარალელურად სწავლის პროცესში სრული ჩართულობა დღეს მისთვის გამოწვევაა:
„აქციიდან სახლში ემოციურად ძალიან დაღლილი მივდიოდი. მეორე დილით 9 საათზე მიწევდა უნივერსიტეტში მისვლა. არ შემეძლო ისე უბრალოდ ვყოფილიყავი იმ გარემოში, სადაც ერთხელაც კი არ გაჟღერებულა, რომ გვყავს სინდისის პატიმრები და განათლება საფრთხეშია. თან ბსუ-ში სწავლა არის ტრავმა, როცა ვხედავ არაპერსპექტიულ და ჩაძირულ განათლების სისტემას და უნივერსიტეტს“.
ლარას დღე ხშირად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მთავრდება, სადაც ყოველ საღამოს, რვა საათის შემდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეები იკრიბებიან:
„თუ რაიმე იდეა მაქვს კონკრეტული, ვემზადები და ვაორგანიზებ, ახლა უშუალოდ უფრო ისეთ აქტივობებს და პროტესტის ისეთ ფორმებს მივმართავ, რომელიც ინსპირაციულად, უცებ მოდის. ეს უცებ მოსული პროტესტის ფორმა უფრო გულწრფელია ჩემთვის.
ცხადია, არ ვიძინებ მშვიდი, უშფოთველი ძილით. მეგი დიასამიძის დაჭერის შემდეგ ორი ღამე გავათენე, ძალიან ვინერვიულე“ – ამბობს ლარა.

ლარა ქარცივაძე
ლარა ჩვენთან საუბრისას ყველა პრობლემის სათავედ განათლების ნაკლებობას მიიჩნევს:
„ადამიანებს პროპაგანდით გამოურეცხეს თავი. განათლება, რომელიც გადამწყვეტია, გაქრა. სოციალური პრობლემები პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. სოციალურად დაუცველ ბავშვს ვერ ექნება განათლების მიმართ მოთხოვნილება, როცა შიმშილობს და ყოველდღიური პურის ფული არ აქვთ მის მშობლებს.
სოფელში ადამიანებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი არსებობა ქვეყანაში არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება არ შედის მათთან კომუნიკაციაში. ხალხს ჰგონია, რომ ფული ყველაფერს მოერევა და ივანიშვილის ფული ხალხსაც გააჩუმებს.
ეს ბრძოლა არ არის პოლიტიკური იდეოლოგიების ბრძოლა, „ოცნებას“ არ გააჩნია პოლიტიკური იდეოლოგია. ეს არის შავსა და თეთრს, ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა“.
ლარა დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ცვლილება სჭირდება და ახლა სწორედ ცვლილებების დროა:
„4 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს მშვიდობიანი ცვლილებები და ნოემბრამდე მაინც უნდა მორჩეს ეს პოლიტიკური დაპირისპირება, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება, სადაც სიკეთე იმარჯვებს, რა თქმა უნდა.
თუ მსგავსი სცენარი არ იქნება, გაგრძელდება პროტესტი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხელჩაქნეული ადამიანი დაგვტოვებს და წავა ემიგრაციაში. ნელ-ნელა პროტესტიც მიიღებს ისეთ სახეს, როგორიც, მაგალითად, რუსეთში მიიღო თავის დროზე, როცა ყველა ბანერზე და ყველა თავისუფალ სიტყვაზე იჭერდნენ ადამიანებს და დღემდე იჭერენ“ – ამბობს ლარა.






