მთავარი,სიახლეები

„ილიას მარში“ – თბილისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მსვლელობა გაიმართება

11.09.2025
„ილიას მარში“ – თბილისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მსვლელობა გაიმართება

„ევროპული თავისუფლება – საყრდენი ჩვენი ქვეყნის მომავალისა“ – ილია ჭავჭავაძის ამ გზავნილით, ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისში მარში გაიმართება.

„ილიას მარში“ საღამოს 6 საათზე, დაიწყება სიონის ტაძრიდან (სანაპიროს მხარე) და გაგრძელდება საქართველოს პარლამენტამდე.

20:30-ზე კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გაიმართება მინი ლექცია-საუბრები თემაზე „ილია ევროპეისტი“.

ილიას მარშის ორგანიზატორი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდია“.

„12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, წელს ჩვენ მეთორმეტედ აღვნიშნავთ.

2014 წელს დავიწყეთ ამ დღის აღნიშვნა და ერთგვარ ურბანულ ტრადიციასავით ვნერგავთ. წელს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ფორმატში უნდა გაკეთებულიყო, რადგან იქ, სადაც ილიას ვახსენებთ, ვსაუბრობთ სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპულობის იდეებზე, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა თანამედროვე კონტექსტის ამოგდება.

ტრადიციულად, ყოველ წელს სიონის ტაძრიდან ვიწყებდით, შემდეგ ავდიოდით მთაწმინდის პანთეონში – გავდიოდით იმ უკანასკნელ გზას, რა გზითაც ილია გააცილა საზოგადოებამ 1907  წელს, როცა ის დაკრძალეს.

წელს მსვლელობით ისევ დავიწყეთ სიმბოლურად სიონის ტაძრიდან, მოვალთ რუსთაველამდე და პარლამენტთან დავასრულებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელმა რეჟისორმა გიორგი სავანელმა.

რეჟისორის თქმით, ილია ჭავჭავაძე მთელი ცხოვრება იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის, ევროპეიზაციისათვის, რუსული ანექსიისა და რუსული ინტერესების წინააღმდეგ, ხოლო ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ილიას იდეებს ეწინააღმდეგება.

„80-იანი წლების „ივერიაში“ ვიპოვეთ ერთი ფრაზა, რომელიც წლევანდელი მთავარი გზავნილი გახდა – „ევროპული თავისუფლება არის ის საყრდენი, რომელზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა აიგოს“.

ამაზე მეტი, რასაც ეს ციტატაც ამბობს, რა შეიძლება ვთქვათ? სამწუხაროდ, ილიას ეს ევროპული ფონი და კონტექსტი მთლიანად დაკარგულია და ვიღაც მარგინალებს აქვთ მითვისებული.

ჩვენი მიზანიც ეს არის – ილია თავისი ნამდვილი არსით, რაღაცნაირად აი, ამ მარგინალებს და შავრაზმელებს წავართვათ. ილია არის ჩვენი საკუთრება და არა „ოცნების“ ან სხვა ვიღაცების, რომლებიც ფოტოს დონეზე იყენებენ პროპაგანდისთვის მის სახელს,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი სავანელი.

მარშის და მინი-ლექციის შემდეგ, პარლამენტთან გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ თავისი ყოველწლიური ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულს დაასახელებს.

„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ 2017 წელს დაარსდა. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ფონდის სარეკომენდაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: ბეჟან ჯავახია, დიმიტრი შველიძე, იულონ გაგოშიძე, ნინო ზაუტაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, გიორგი სავანელი, ნინო კასრაძე, ბექა ქურხული, დეკანოზი გიორგი წეროძე.

ამ დრომდე პრემია მინიჭებული აქვთ: 

  • 2024 – ზემო ნიქოძის ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. ხელოვნების სკოლა;
  • 2023 – ეთერ (ვალია) ვანიშვილი (ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილის ერთადერთი მცხოვრები);
  • 2022 – ზურაბ კიკნაძე;
  • 2021 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • 2020 – ილიკო და ნინო სუხიშვილები;
  • 2019 – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;
  • 2018 – როსტომ ჩხეიძე;
  • 2017 – კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.