„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა.
ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს.
საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, თბილისთან ჯერ კიდევ 1979 წელს დაძმობილებული ქალაქია, თუმცა „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის „რეპრესიების გამო“ ნანტმა თბილისთან მეგობრობა 2025 წელს შეაჩერა.
„ერთი ლამაზი ხიდია, „თბილისის ხიდი“ ჰქვია გაჩერებასაც. ამასწინათ ამომიგდო ფეისბუქმა სტატია – დროებით წყვეტს ნანტი თბილისთან ურთიერთობასო. ძალიან გული დამწყდა, ეს რომ ჩავიკითხე. მაშინ გავიაზრე, რომ რაღაც არ მიდის კარგად და ძალიან ცუდადაა საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინგა ცეკვაშვილი.
„იცით, რა მინდა გითხრათ? როცა ამბობენ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, თავისთავად, მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ხალხს გვაქვს პასუხისმგებლობა. შენ უნდა დაიცვა შენი აზრი, შენი სიტყვის თავისუფლება, უნდა დაიცვა შენი უფლებები. ხალხი არ არსებობს სახელმწიფოს გარეშე და არც სახელმწიფოა ხალხის გარეშე. ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული,“ – მიიჩნევს მოქალაქე ინგა ცეკვაშვილი.
როგორ შეიცვლება ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი საქართველოსთან შეაჩერებს?
„მგონი, აღარ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც ერთი წევრი მაინც არ ჰყავს საზღვარგარეთ.
უვიზო რეჟიმის დროს სამ თვეში ერთხელ მაინც ახერხებენ ემიგრანტები ოჯახის წევრების ნახვას. უვიზო მიმოსვლა თუ აღარ იქნება, მაშინ ისევ საქართველოში უნდა დარჩნენ, ვინც ახლა ემიგრაციაშია და ევროპაში ვეღარ წამოვიდნენ, ან აქ დარჩნენ და წლობით ისევ ვეღარ ნახონ შვილები.
ეს ხდებოდა წლების წინ, რამდენი ასეთი ისტორია გვახსოვს?
მე საფრანგეთში მოქალაქეობის მიღებას ველოდები ახლა და ამიტომ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას 2018 წლის მერე.
შვილი აქ გავაჩინე, საფრანგეთში, ფეხმძიმე ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. საფრანგეთი, აშშ-სგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოქალაქეობას არ ანიჭებს ბავშვს, რომელიც აქ იბადება.
მაგრამ მე იმდენად დამეხმარა საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო და ხალხი, არ ვიცი, როგორ აღვწერო…
საქართველოდან გამოვექეცი მარტოხელა დედის სტატუსს, წამოვედი, ვიდრე მარტოხელა დედა გავხდებოდი,“ – გვიყვება ინგა ცეკვაშვილი და აღწერს, რამდენი სირთულის გადალახვა მოუწია საფრანგეთში ჩამოსულს, როცა არც ფრანგული იცოდა და ფეხმძიმე ქალი თავშესაფარს ითხოვდა.
ემიგრანტის თქმით, საქართველოდან ახლობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას გაერიდა:
„ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არ მქონია, მაგრამ შესაძლებელია, ესეც ყოფილიყო… დეტალებზე საუბარი არ მინდა. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, სირცხვილის განცდა, არ მინდოდა მე და ჩემი შვილი მუდმივად დაცინვის მსხვერპლი ვყოფილიყავით, მე გამოვერიდე იქაურობას…
დრო გავიდა და ურთიერთობაც გავაგრძელეთ ოჯახთან და ახლობლებთან: მართალია, მე ვერ ჩავედი საქართველოში, რადგან სტატუსს ველოდები, მაგრამ დედაჩემი ორჯერ იყო ჩამოსული ჩემთან. უვიზო რომ ამოქმედდეს, დედა ვეღარ ჩამოვა ჩემთან?
ჩამოსვლისთანავე აქ ძალიან დამეხმარნენ ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიც დამინიშნეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში. ძალიან ჰუმანური ხალხი არიან ფრანგები, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი. ჩამოსვლისთანავე დავიწყე ფრანგული ენის შესწავლა, დამასაქმეს კიდეც: საბავშვო ბაღში ანიმატორად ვმუშაობდი, მერე ძიძად ვიმუშავე, სახლების დალაგებაზეც ვმუშაობდი…
განათლებით იურისტი ვარ და ახლა მინდა, თუ მოქალაქეობა მივიღე, ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა,“ – გვითხრა ინგა ცეკვაშვილმა.
ემიგრანტის დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა მანიპულირებს, როცა, მაგალითად, ლგბტქ პროპაგანდაზე საუბრობს – საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ხშირად იგებენ ამბებს გაღარიბებული საქართველოდან, სადაც ბავშვებსაც კი უწევთ სიღარიბესთან გამკლავება:
„მთავრობას ეს გეი პროპაგანდა თუ ასე ძალიან აინტერესებს, მაშინ ჯერ სხვა რამით უნდა დაინტერესდეს, ხომ? ჯერ მშიერი ბავშვებით დაინტერესდეს, ესაა დაღუპვა,“ – აღნიშნა ინგა ცეკვაშვილმა „ბათუმელებთან“.
რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის? – ესეც ვკითხეთ სოციალურ ქსელში გასაუბრების დროს ემიგრანტს.
„უბრალოებას და თავისუფლებას… საფრანგეთი ჩემთვის უფრო მანერებია – უბრალო და კულტურული მანერები, გულისხმიერება, თავაზიანობა, ასევე დისტანცია – ზედმეტად არავინ არასდროს შეგაწუხებს.
ევროპა არის ჩემთვის ყურადღებით მოსმენა. შეიძლება, ვიღაც ვერ დაგეხმაროს, მაგრამ მოგისმენს. ეს დიდი შველაა.
მინდა, ჩემს საქართველოშიც ასეთი ადამიანები ვნახო,“ – დაგვემშვიდობა ინგა ცეკვაშვილი.






