მთავარი,სიახლეები

„ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“- მზია ამაღლობელის ადვოკატი

06.08.2025
„ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“- მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს და მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟიმმა, მის მიერ კონტროლირებად სასამართლოშიც კი ვერ დაამტკიცა, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

„მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ სამართლებრივად, ერთი და იმავენაირად უსამართლო და უკანონოა, 2 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა თუ 4 წელი თავისუფლების აღკვეთა. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე.

ამ კვალიფიკაციით, მე თუ მკითხავთ, მათ საკუთარი თავი გადაარჩინეს საზოგადოებრივი ზეწოლისგან. ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, ვინც სამართალი იცის – არ იცის, რაიმე გაეგება, რომ ის, რაც მზიას, ასე რომ ვთქვათ, ბრალად ჰქონდა შერაცხილი, არ არის თავდასხმა პოლიციელზე.

ამიტომ, თავისთავად ცხადია, მოუწიათ მათ ამის აღიარება, თუმცა 353-ე მუხლი სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან სწორედ მათთან პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო, სწორედ იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა.

ზუსტად ერთი საქმე მივუთითე წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ, იქ პოლიციელს პანღური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ ბრალდებულმა და იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგითი პატრულ-ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი.

იმ საქმეში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და პირობითი სასჯელი დააკისრა. ჩვენ შემთხვევაში კი დააყენა თავისუფლების აღკვეთა.

დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ მოიხადა და გაათავისუფლებდა. 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის?!

ერთი, რომ [მოსამართლეს] შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან გათავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა სასამართლომ.

სტრასბურგი სრულიად სხვა თვალსაზრისით იხილავს მზიას საქმეს. მან მიიღო და დაიწყო კომუნიცირება მზიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებისთვის უკვე გაგზავნილი აქვს კითხვები და ველოდებით ხელისუფლების პასუხებს მზიას უკანონო და განგრძნობად პატიმრობასთან დაკავშირებით. ასე, რომ პროცესები მიდის ყველა მიმართულებით და არაფერი არ დამთავრებულა დღეს. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც ვიცოდით, რომ უნდა გაგვევლო.

ყველაფერი გრძელდება, დამიჯერეთ.

ხომ გახსოვთ, რაც უთხრა მზია ამაღლობელმა მოსამართლეს – „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მე გამარჯვებულად ვთვლი თავს“. მისთვის მთავარი პრობლემა რა იყო იცით?!

დასაწყისში, როდესაც შესთავაზეს – „მოინანიე, მოინანიე“ და აი, ეს რიტორიკა, მან თქვა, მე მითხრა თვითონ, რომ მათ უნდათ ღირსება ამყარონო. მისი ღირსება ვერ დააკნინეს და ეს იყო მთავარი“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: