დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული ბოლო, უახლესი კვლევის შედეგები.
„ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ.
ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად არ არის მხედველობა და მეორე თვალში, სათვალის შემთხვევაში, მხოლოდ 30 პროცენტამდეა გაუმჯობესება შესაძლებელი“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელს, რომელიც 205 დღეა უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.
ჯერ კიდევ 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა ერთ თვალში მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა, მეორე თვალში კი მას მხედველობა 10%-მდე დაუქვეითდა.
შესაბამისი კვლევები მზია ამაღლობელს საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, 4 და 6 თებერვალს აქვს ჩატარებული კლინიკა „ვივამედში“.
- რა ხდება?
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.






