დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის პროცესის პარალელურად განცხადება გააკეთეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებს მოუწოდეს, შეუერთდნენ ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ აქციას.
სინდისის პატიმრების დედები და ოჯახის წევრები დღეს სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად.
„პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მთავარი არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი ქვეყნის. გელოდებით ხვალ, 2 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე – ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გავმართავთ მსვლელობას.
ერთად გავაგონოთ ბათუმის ქუჩებს, მკაფიოდ და ხმამაღლა, ჩვენი ხმა, სინდისის პატიმრების ხმა და პირველ რიგში, მზია ამაღლობელის ხმა – ქალის, რომელიც შეუდრეკლად იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.
ასე რომ, ყველას გელოდებით და იცოდეთ, რომ ერთიანობა და ერთ მუშტად შეკვრა არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. იცოდეთ, რომ ყველა განსაცდელს გამოვივლით ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ძლიერად, ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და ამ ჯაჭვის გაწყვეტის ნებას არავინ და არაფერს არ მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა.
_______________
ფოტო: მინდია გაბაძე/„პუბლიკა“






