მთავარი,სიახლეები

შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ

02.08.2025
შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ

„ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ,“ – გვითხრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელსაც სომხეთის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ.

პროფესორი აკვირდება თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლება განწყობები სომხეთში და როგორ ეცლება რუსეთს ხელიდან ბერკეტები…

„რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი მით უმეტეს ევროკავშირის და ჩინეთი-აზიის შუა გზაზე. თანაც, ამ პირობებში, როცა ირანში პრობლემებია და რუსეთი უფრო და უფრო გარიყული სახელმწიფო ხდება.

ამ მოცემულობაში სამხრეთ კავკასიის როლი იზრდება. რუსეთის ამოცანაა, არ დაუშვას ამ რეგიონის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში. იქაც ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთთან ტერიტორიული, მაგრამ დროულად გაიაზრეს, რომ მთავარი იყო ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და ორი-სამი კილომეტრი ჩრდილოეთით, თუ სამხრეთით მოიცდის.

დღეს ზუსტად ეს შანსი გაჩნდა კავკასიაში, როცა რუსებს აღარ ჰყოფნით ძალა მიხედონ სამხრეთ კავკასიას. აქამდე რუსეთს ეს რეგიონი ეჭირა კონფლიქტით – ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გაგრძელებულიყო უკუნითი უკუნისამდე, რომ რუსეთს ჰქონოდა ხელში ბერკეტები. ახლა რუსეთს ხელიდან ეცლება ბერკეტები. ნიადაგი ეცლება რუსეთს ჩვენს თვალწინ,“ – გვითხრა გიორგი მჭედლიშვილმა.

„ბათუმელებმა“ გიორგი მჭედლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებზე.

  • ბატონო გიორგი, სამხრეთ კავკასიაში ცვლილებებია: სომხეთი აზერბაიჯანთან ერთად შორდება რუსეთის ორბიტას. თქვენი დაკვირვებით, ამ პროცესში რამდენად გაიზარდა შანს – სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, რაც სომხეთის ურთიერთობას თურქეთთანაც შეცვლის? 

ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა – შესაძლებლობების ახალი ფანჯარაა გახსნილი, უნდა ვისარგებლოთ ამით.

პირველად ამ 35 წლის მანძილზე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებელი ვართ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი პირველივე დღეებიდან ომობდნენ. ფაქტობრივად, ეს ქვეყნები 2020 წლამდე, ანუ ყარაბაღის მეორე ომამდე, თვლიდნენ, რომ რუსეთი იყო მათი მთავარი არბიტრი, რომ ამ კონფლიქტის გასაღები იყო რუსეთში და ორივე ცდილობდა, რუსეთისთვის მოეწონებინა როგორმე თავი – იქნებ რამე ჩემს სასარგებლოდ გადაწყდესო.

თურქეთი არ იყო ჩართული ამ პროცესში, დასავლეთი კი, მოშორებით იყო: ეს არ იყო კოსოვო და იუგოსლავია. შესაბამისად, მონოპოლისტი იყო რუსეთი: როდესაც რუსეთის ურთიერთობა რთულდებოდა აზერბაიჯანთან, სომხეთი ცდილობდა ესარგებლა ამით და პირიქით. სომხეთს ოკუპირებული ჰქონდა არამხოლოდ ყარაბაღი, არამედ კიდევ 7 რაიონი. რაღაც რეზოლუციები არსებობდა, რომ ნაწილი უნდა დაებრუნებინა, მაგრამ არ აბრუნებდნენ.

შემდეგ სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან განსხვავებული ლიდერი – მანამდე 20 წლის მანძილზე სომხეთის ორივე პრეზიდენტი – ქოჩარიანი და სარქისიანები ყარაბაღელები იყვნენ. ბევრი სომეხი დღემდე მიიჩნევს, რომ სომხეთს კი არ აქვს ყარაბაღი ოკუპირებული, არამედ ყარაბაღს – მთელი სომხეთი.

იმის გამო, რომ რუსეთი დასუსტებულია და უკრაინა უძლებს რუსეთის საშინელ აგრესიას – აკავებს რუსეთს, ეს მთავარი ფაქტორი გახდა. რუსეთს აღარ აქვს რესურსი, სხვა რეგიონში მიხედოს საქმეს. ამით ისარგებლეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც, რადგან ორივეს აქვს რუსეთთან გართულებული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით.

  • სომხეთის ლიდერმა, ფაშინიანმაც განაპირობა სომხეთის რუსეთის ჩრდილიდან გასვლა? 

დიახ, თუმცა ვიდრე რუსეთი უკრაინაში დაიწყებდა სრულმასშტაბიან ომს, ფაშინიანი 2018 წელს მოვიდა სომხეთის ხელისუფლებაში და ცდილობდა, დასავლეთთან გაეღრმავებინა ურთიერთობა, ამავდროულად ცდილობდა, არც რუსეთთან გაეფუჭებინა საქმე.

თუმცა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთმა ჩათვალა, რომ რუსეთმა უღალატა. ამ ომის შემდეგ ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მანამდე ეგონათ, რომ ყარაბაღში რუსეთი სომხეთს დაუდგებოდა გვერდით იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა არ ცნო ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომაც, რუსეთისთვის ყარაბაღი იყო აზერბაიჯანის ნაწილი.

ამ დროს საზოგადოებრივი აზრი სომხეთში გადაიხარა რუსეთის წინააღმდეგ, რითაც ისარგებლა ფაშინიანმა. მანამდე, 2018 წლამდე, სომხეთი ძალიან მყარად იყო რუსეთის ორბიტაში. იქ ახლაც არიან პირდაპირ პრორუსული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ებრძვიან ფაშინიანს.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნები 2026 წლის ივნისშია, სომხეთში უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია. რუსეთმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა სომხეთის არჩევნებზე სადღაც აპრილში, ანუ არჩევნებამდე წელიწადით და ორი თვით ადრე…

ტელევიზიები ფაშინიანს უკანასკნელი სიტყვებით აკრიტიკებენ, განსაკუთრებით კი, მარგარეტა სიმონიანი გამოირჩევა, რომელიც ეროვნებით სომეხია და რუსული „სპუტნიკის“ ხელმძღვანელი.

მნიშვნელობით ეს არჩევნები სომხეთში არის იგივე, რა არჩევნებიც ჩვენ გვქონდა 2024 წელს.

ფაშინიანი, მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოსვლამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, შემდეგ ოპოზიციური, პროდასავლური გაზეთის რედაქტორი იყო. ეს ხდებოდა 2000-იან წლებში, როდესაც რეალურად ძალიან დიდი იყო რუსეთის გავლენა სომხეთზე. ფაშინიანი პროდასავლელია თავისი მენტალობით, რეალურად სურს, რომ სომხეთი დაადგეს იმ გზას, რომელზეც დგას უკრაინა, მოლდოვა და იდგა საქართველო…

  • რამდენად შეიცვალა სომხეთში პრორუსული განწყობა მას აქეთ, რაც ევროპული განვითარების პერსპექტივა დაინახეს? 

სომხეთში არ აქვს ისეთი მხარდაჭერა ევროკავშირს, როგორც საქართველოში, თუმცა გაცილებით მეტი უჭერს მხარს ევროკავშირს, ვიდრე 10-15 წლის წინ. სომხეთი ხდება უფრო და უფრო პროევროპული, თუმცა არა სასურველი ტემპით.

ჩემი აზრით, ახლა ძალიან აქტიურად უნდა დაეხმაროს დასავლეთი სომხეთს, რომ, პირველ რიგში, იკლოს თურქოფობიამ – რეალურად აზერბაიჯანის მიმართაც ამიტომ არსებობს შიში, რომ აზერბაიჯანი თურქეთის მოძმე ერია.

ჩემი აზრით, სომხეთში მთავარი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ ჯობია სამშვიდობო მოლაპარაკება და მშვიდობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ახალ ესკალაციას. ამჟამად რეალურად წაგებული ომით სარგებლობენ რევანშისტული, ანტიდასავლური ძალები, ამიტომაც, დასავლეთი უნდა დაეხმაროს სომხეთის საზოგადოებას: დაანახოს მშვიდობის უპირატესობა იმის მიუხედავად, რომ ეს მოითხოვს მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას სომხეთის მხრიდან.

ბევრი დრო არ არის: ჩანს, რომ რუსეთი ფსონს მორიგ არჩევნებზე დებს.

  • რატომ არჩია ამ დროს ფაშინიანმა დაპირისპირება სასულიერო პირებთან? თეოლოგებისგან გვსმენია, რომ რეალურად ეკლესია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში რუსეთის მთავარი იდეოლოგიური საყრდენია. 

რეალურად საეკლესიო პირები რუსეთის „რბილი ძალაა“. სომხეთის პატრიარქს რაც შეეხება, პირდაპირ ეტყობა კორუმპირებულობა – მისთვის კათალიკოსობა ბიზნესია.

სომხეთშიც სასულიერო პირების მთავარი გზავნილებია, რომ ევროპა გვაკარგვინებს იდენტობას, ევროპა კი არა, გეი ევროპაა, აღლუმების მოწყობა გინდათ სომხეთში? – ეს იგივე გზავნილებია, რაც საქართველოში ბევრჯერ მოგვისმენია.

გაითვალისწინეთ, რომ კათოლიკოსის გარეგინის ძმა მოსკოვში იქ მცხოვრები სომხების სასულიერო ლიდერია. ამიტომაც, გასაგებია რუსეთის გავლენა სომხურ ეკლესიაში – შეიძლება ისეთი მძლავრი არაა, როგორც საქართველოში – აქ მაინც მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ხილვადია, რამდენად ერთიანია ეს ნარატივები.

სომხეთშიც ამჯერად რუსეთი იბრძვის ამ გზავნილებით, რომ ფაშინიანმა უღალატა სომხეთის ისტორიას, ერს და ხელი აღმართა წმინდა ეკლესიაზეც. სომხეთშიც უდიდეს როლს ასრულებს ეკლესია, რადგან რწმენამ გადაარჩინა იდენტობა – ეს შეხედულება არსებობს.

  • რა ფორმით ცდილობს ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთი სომხეთის ველზე დარჩენას – აქაც ომით აშინებენ, რადგან სომხეთი დაუცველია? 

ფაშინიანს ეუბნებიან, რომ ის სახელმწიფო ინტერესებს ყიდის და ყარაბაღი ფაქტობრივად უბრძოლველად დააბრუნა. რუსეთმა იქ დატოვა თავისი შენაერთები, ვითომ სამშვიდობო… გიუმრის ბაზა ცალკე ამბავია კიდევ და 2044 წლამდე იქნება.

ყარაბაღის მეორე ომის დროს, როცა ყარაბაღი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს, იქ რუსეთმა 1500 ადამიანი შეიყვანა შენაერთის სახით და ამით რუსეთმა აზერბაიჯანს აგრძნობინა, არ დაუშვებს მთლიანად ყარაბაღის გათავისუფლებას – მაშინ 80%-ის დაბრუნება აცალა, მაგრამ დარჩენილი 20 % და მათ შორის დედაქალაქის გარშემო კი, ის 1500-კაციანი შენაერთი დატოვა.

ამ პროცესში აზერბაიჯანს აქვს ფუფუნება, იმოქმედოს უფრო თამამად, ვიდრე სომხეთმა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე თურქეთია.

ამიტომაც, მე ფაშინიანს განსაკუთრებით ვცემ პატივს: ალიევს ბოლო-ბოლო თურქეთი ჰყავს, როგორც უფროსი ძმა, სომხეთს კი არ ჰყავს ასეთი ძლიერი საყრდენი – მას მხარს უჭერენ საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სომხური დიასპორაა, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ არის სამხედრო: რამე რომ მოხდეს, საფრანგეთი სომხეთს დრონებს ვერ გაუგზავნის.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთს თურქეთის შიში აქვს, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით სომხეთზე ის უნდა ითქვას, რომ მას არ აქვს საზღვარი. ბაზა კი აქვს, მაგრამ ის ხომ უნდა მომარაგდეს? ეს ბაზაც არ არის მთლიანად დაკომპლექტებული და ნაწილი გაშვებულია უკრაინაში იმდენად გაუჭირდა რუსეთს.

  • გამორიცხავთ, რომ რუსეთმა თავისი ბაზა სომხეთში საქართველოს გავლით მოამარაგოს? 

თეორიულად შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა იმდენად არ მსიამოვნებს, ამის გაფიქრებაც არ მინდა…

საქართველოს პოლიტიკური ნება იმდენად დაქვეითებულია, არაა გამორიცხული.

არ მინდა, საქართველო აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელიც რეალურად ხელს შეუშლის ახალი, უკეთესი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას, როდესაც სამხრეთ კავკასიაზე რუსეთს აღარ ექნება გავლენა და ამოისუნთქებს. ამით სამხრეთ კავკასიას მიეცემა საშუალება ნორმალური, მშვიდი განვითარების, რაც ეკონომიკური კეთილდღეობის პირობაა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მებაჟეებმა ლარსზე გააჩერეს სომხური კონიაკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, რაც რუსეთში მიჰქონდათ. რა ესაქმებოდათ იქ ჩვენებს, როცა გზავნილი შეჰქონდათ რუსეთში? მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო გზავნილი რუსეთიდან, რომ მას შეუძლია საქმეები გაართულოს.

  • შეიძლება სამხრეთ კავკასია განვითარდეს საქართველოს გარეშე, თუ საქართველო რუსეთის აგენტი გახდება?  

თუ საქართველო გახდება ე.წ. სპოილერი, ეს, ცხადია, იქნება დაბრკოლება, არასრული პროექტი იქნება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოს გავლით გადის ამდენი ნავთობსადენი, გაზსადენი, რკინიგზა. რეალურად საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ ამ შუა დერეფნის, დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის საკვანძო ნაწილი გახდეს და დიდი სარგებელიც მიიღოს.

ამ ტვირთების იმდენად დიდი მოცულობა გადის საქართველოზე, რომ საქართველოზე რაღაც ნაწილი ისევ გაივლის, მაგრამ სტრატეგიულად შეიძლება გახდეს მოწყვეტილი. არსებობს მაგალითები, როცა ქვეყანა ნაკლებად დემოკრატიულია და ლიბერალური, მაგრამ აქვს გეოპოლიტიკური როლი. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვიყოთ ამ პროექტის ნაწილი: ჩვენთან ინფრასტრუქტურა მოწყობილია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კი, ჯერ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას იგივე ზანგეზურის დერეფანზე, სწრაფად არ მიდის ეს პროცესი.

შეიძლება ძალიან არ მოგვწონდეს „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინასა და რუსეთთან, მაგრამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით, ჯერჯერობით, ურთიერთობები კარგი გვაქვს. აზერბაიჯანს ნაკლებად აინტერესებს, ვინ არის ხელისუფლებაში…

სომხეთი ცდილობს, რომ ფრთხილად გავიდეს რუსული ორბიტიდან: ფაშინიანი იყო ბრიუსელში, მაგრამ შემდეგ კვირაში შეიძლება მოსკოვში ჩავიდეს, ან რუსეთში სადმე. ის ცდილობს, რუსეთი ძალიან არ გააღიზიანოს, ფრთხილად მოქმედებს. სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ძალიან დიდია. ამიტომაც, სომხეთი ნელ-ნელა გამოდის რუსეთის გავლენის სფეროდან.

  • ამ ვითარებაში რამდენად არსებობს შანსი შეიცვალოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა – დღეს მათ საზღვრებიც ჩაკეტილი აქვთ. 

რა თქმა უნდა, სომხეთის ურთიერთობა თურქეთთან ვერ ლაგდებოდა აზერბაიჯანის გამო. აზერბაიჯანს თურქეთი მძევლად ჰყავდა შეიძლება ასე ითქვას, რადგან აზერბაიჯანი ამგვარად აყენებდა საკითხს: ვიდრე ყარაბაღი არ მოგვარდება, არავითარი დათმობა სომხეთთან! ახლა ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდა და გაჩნდა შესაძლებლობა, მოლაპარაკებები შედგეს. გაჩნდა შანსიც, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნას და ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს.

ბოლო წლებში სომხეთის საზოგადოებაში მოხდა პროგრესი, აღარ არის ისეთი შეხედულებები, რაც იქ არსებობდა თუნდაც 15-20 წლის წინ. მაშინ სომხეთში კონფერენციაზე ვიყავი და როცა ვესაუბრებოდი ხალხს, მეუბნებოდნენ, რომ რუსეთი არ მოსწონთ დიდად, მაგრამ თუ რუსეთი არ იქნება, თურქები და აზერბაიჯანელები შეგვჭამენო. ამას ემატებოდა 1915 წლის ისტორიული მოვლენები… ახლა ნელ-ნელა ეს განწყობები იცვლება.

ბოლო კვლევების მიხედვით, სომხეთში მოსახლეობის 47% აზერბაიჯანთან მშვიდობიან შეთანხმებას უჭერს მხარს, 40% – არ უჭერს, ანუ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ სომხეთის კარგი მომავალი მოითხოვს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგებას.

  • ამ გადასახედიდან რა ჩანს თქვენთვის – შეიძლება სამხრეთ კავკასია მართლაც დაკარგოს რუსეთმა? რა შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა?  

რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი, მით უმეტეს ევროკავშირის და ჩინეთი-აზიის შუა გზაზე. თანაც, ამ პირობებში, როცა ირანში პრობლემებია და რუსეთი უფრო და უფრო გარიყული სახელმწიფო ხდება.

ამ მოცემულობაში სამხრეთ კავკასიის როლი იზრდება.

რუსეთის ამოცანაა, არ დაუშვას ამ რეგიონის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში. იქაც ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთთან ტერიტორიული, მაგრამ დროულად გაიაზრეს, რომ მთავარი იყო ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და ორი-სამი კილომეტრი ჩრდილოეთით, თუ სამხრეთით მოიცდის.

დღეს ზუსტად ეს შანსი გაჩნდა კავკასიაში, როცა რუსებს აღარ ჰყოფნით ძალა მიხედოს სამხრეთ კავკასიას. აქამდე რუსეთს ეს რეგიონი ეჭირა კონფლიქტით – ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გაგრძელებულიყო უკუნითი უკუნისამდე, რომ რუსეთს ჰქონოდა ხელში ბერკეტები. ახლა რუსეთს ხელიდან ეცლება ბერკეტები. ნიადაგი ეცლება რუსეთს ჩვენს თვალწინ.

ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: