ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მიიღო

25.07.2025
ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მიიღო

„ოცნება“ ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და „ფარას“ კანონით უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვს ყველას, ვინც ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, მეორე მხრივ კი მუნიციპალური სტრუქტურები და ორგანიზაციები ევროკავშირის პროექტებს იღებენ რიგი აქტივობების დასაფინანსებლად. მათ შორის არის ბათუმის მერიაც.

ბათუმის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო. პროექტისთვის – „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“ მოპოვებული გრანტის ოდენობა 218 839 ევროა. ახლა მერია შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებაზე და ამ პროექტის კიდევ 24 315 ევროს ოდენობით [ეკვივალენტი ლარში] ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაზე საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს.

მერიის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა, თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგასის მუნიციპალიტეტთან, ვარნას ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ანენის ნოის რაიონულ საბჭოსთან და სხვა თანააპლიკანტებთან ერთად, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგინა განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად, პროექტზე – „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“.  პროექტი გამარჯვებულად გამოვლინდა მიმდინარე წლის ივნისში.

შემდგომ ეტაპზე, საგრანტო და საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებისთვის, საჭიროა გრანტის მიღებაზე შესაბამისი გადაწყვეტილებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია აქტივობები, რაც ეხება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობას და მდგრადობას ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით:

„წყლის დაზოგვის უზრუნველსაყოფად და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩატარდება წყლის ეფექტიანობის ტექნიკური მიზანშეწონილობის ყოვლისმომცველი კვლევები შერჩეულ ტერიტორიაზე და მომზადდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმები.

კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტი მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, მიზანშეწონილობის კვლევას ბათუმის ბულვარისა და ცენტრალური პარკის სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და დაგროვილი წყლის ბათუმის მწვანე ზონებში მეორადი გამოყენების მიზნით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: