მთავარი,სიახლეები

დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა

23.07.2025
დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა

„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა,“ – თქვა ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლოზე, მოწმის სახით დაკითხვისას.

ნათია ხარატი მესამე ექსპერტია, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე დაიკითხა.

სასამართლოზე მოწვეული ორი სხვადასხვა კვალიფიკაციის, განათლების და გამოცდილების მქონე ექიმი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეთანხმდა ერთ რამეზე – არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური ტკივილი.

ამასთან, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც მომხდარიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ გაიარა ექსპერტიზა, არ ჰქონდა გარეგნული დაზიანების არანაირი ნიშანი.

სასამართლოს წინაშე თავად ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც მისცა ჩვენება და თქვა, რომ სილის გაწვნის შედეგად „ჰქონდა სიწითლე და განიცადა ტკივილი“.

მან დეტალურად გაიხსენა და აღწერა 12 იანვარს მომხდარი და თქვა შემდეგი: „თავდასხმის შემდეგ შენობაში არ შევსულვარ დაახლოებით 20 წუთი. რამდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა – სახეზე, ნახე, რა სიწითლე გაქვს. ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს, ბუნებრივია მეც დავინტერესდი, რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს იქ, მქონდა სიწითლე“.

ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა გაანალიზა ვიდეო ფაილები, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მომხდარი ინციდენტს, რა დროსაც მზია ამაღლობელი სილას აწნის ირაკლი დგებუაძეს, ასევე, სილის შემდეგ გადაღებული ორი ვიდეო, სადაც ინციდენტიდან არასრულ 1 წუთში ირაკლი დგებუაძე აკეთებს სატელევიზიო კომენტარს.

ექსპერტმა ასევე გაანალიზა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული  ორი დასკვნა, ერთი მზია ამაღლობელის შესახებ, მეორე კი – ირაკლი დგებუაძის.

„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს,“ – ეს იყო საკითხი, რომელზეც ექიმმა-ნევროლოგმა თავისი ექსპერტული დასკვნა დადო.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ვრცლად, მეცნიერულად მიმოიხილა ბათუმის პოლიციის უფროსის „გაწითლებული ლოყა“ და თქვა, რომ მეცნიერულად არ დასტურდება ის, რასაც ირაკლი დგებუაძე ამბობს.

„ფიზიოლოგიურად არანაირად არ შეიძლება, რომ [სილის გაწვნიდან] ორ წუთში არაფერი არ იყოს სახეზე, ნახევარ საათში გაჩნდეს და შემდეგ ორ საათში გაქრეს. იმიტომ, რომ ეს არის სისხლის მიმოქცევა. სისხლის მიმოქცევით გამოწვეული გაწითლება ხდება ძალიან მალე. წამში თუ არაა, ორ წუთში აუცილებლად გამოჩნდებოდა. 30 წუთში არანაირად არ გამოჩნდებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ 30 წუთი გული გაჩერებულია, არ აკეთებს სისხლის გადასროლას საერთოდ, 30 წუთის მერე ამუშავდა და გადაისროლა დიდი რაოდენობის სისხლი ამ მხარეს.

სიწითლე ჰაერიდან არ მოდის. ეს არის ვეგეტატიური პასუხი. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემაა და ამ სიწითლეზე ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ.

ვერ შევიკავებთ [სიწითლეს], ისევე როგორც მაგალითად თვალის ხამხამის შეკავება არ შეგვიძლია. ჩვენი თვალის გუგების შევიწროება-გაფართოება დამოკიდებულია ჩვენს ნერვულ სისტემაზე. თავისით ხდება, ამას ჩვენ ვერ ვმართავთ და ასევე ხდება სიწითლეზე. არანაირად არ შეიძლება აიხსნას, რომ ეს სიწითლე ნახევარ საათში გაჩნდა.

ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ვეგეტატიური სისტემა არ მუშაობს ან რაღაცა სხვა პრობლემა აქვს და კვლევები უნდა ჩაიტაროს ან შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემასთან იყოს კავშირში. სამედიცინო და ფიზიოლოგიურად არ აიხსნება.

თუმცა, როგორც გითხარით, ფსიქოლოგიური კუთხით შეიძლება განვიხილოთ, სულიერი ტკივილი შეიძლება ვთქვათ. ტკივილის შიში და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა თუ გაქვს, [მაგალითად] თუ ბავშვობაში ვიღაცამ ძალიან დაგარტყა, გაგახსენდა ეს ამბავი, ამან გამოიწვია რაღაც აშლილობა შენი მოგონებების და ამის შედეგად პასუხი წამოვიდა, ეს უკვე სხვა მექანიზმზეა დაკავშირებული,“ – თქვა ექიმ-ნევროლოგმა სასამართლოზე.

ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ დადგა მისთვის ეჭვქვეშ ტკივილის არსებობა.

„სამწვერა ნერვი არის სრულიად პასუხისმგებელი ჩვენი სახის ტკივილზე, ყველანაირ მგრძნობელობაზე სახეზე.

მაშინ უნდა გვქონოდა ნერვის ხანგრძლივი გაღიზიანება. თან ქვედა ყბის ტოტზეა საუბარი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ჩვენი ყბის მოძრაობაზე, რომელიც ღეჭვაში მონაწილეობს და შესაბამისად, შეზღუდული ექნებოდა… ეს რომ ძლიერი დარტყმა ყოფილიყო,  ვერ დაღეჭავდა, პირს ვერ გააღებდა და ვერ ისაუბრებდა,“- თქვა ნათია ხარატმა.

ექსპერტმა ცალკე დრო დაუთმო დარტყმის სიძლიერეზე საუბარს და თქვა, რომ ამაზე ექსპერიმენტის ჩატარებაც კი შეიძლება.

მზია ამაღლობელმა დგებუაძეს სილა მარცხენა ხელით გააწნა. კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ ქაჩავს ქურთუკზე დგებუაძეს, შემდეგ კი აწნის სილას. სწორედ ეს ფაქტორი ექსპერტს დამატებით არგუმენტაციას აძლევს.

„მარცხენა ხელი არის თან ჩართული მოქაჩვაში, მერე იმავე წამს ხდება სილა. მოქაჩვა, თავისთავად, შემდგომ დარტყმის ძალას აქვეითებს.

ორი დასკვნა მაქვს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის, სადაც წერია, რომ ჩალურჯებები აქვს მარცხენა ხელის მიდამოში. ეს არის რეალური ტკივილის დაზიანება, ტკივილს მოყოლილი დაზიანება. აქ ჩანს, რომ მანამდე რაღაც მოხდა, რამაც გამოიწვია ჩალურჯება. თავად სასამართლო ექსპერტმა დაადგინა, რომ 14 იანვარსაც კი ჰქონდა ეს დალურჯებები მზია ამაღლობელს.

ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სილა გააწნა, მზიას ხელი სტკიოდა. რაც შეეხება ხმას, ორი სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ვიდეო ვნახე და ხმა არის ძალიან დაბალ ამპლიტუდიანი, რომელიც ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტკივილის გამომწვევი ყოფილიყო ეს ხმა.

ის ხმა რაც გავიგონე იყო ძალიან სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი. ბოლოს როდის ბრძანდებოდით რაიმე სპექტაკლზე? ან სუხიშვილების დარბაზში თუ მოგისმენიათ რამხელა ტაშია. ჩვენ ყველა ტაშის შემოკვრაზე ხელი გვტკივა და გავდივართ რეაბილიტაციას?

რა ვიცი აბა.. თეატრში, სპექტაკლზე.

ქართველებს უყვართ… თვითმფრინავი რომ ჯდება მაშინაც ტაშს უკრავენ. ტაშის დაკვრა რომ ასეთი მტკივნეული იყოს, არ დავუკრავდით ასე მქუხარე ტაშს,“ – თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.

„ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება.

მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.

წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ასეთი იყო საბოლოოდ ექსპერტის დასკვნა, რომელიც სასამართლოზე დაიკითხა.

ნათია ხარატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატია. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ნევროლოგია, ეპილეფსია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ნათია ხარატი ფლობს ნევროლოგის, ადიქტოლოგის და ელექტროფიზიოლოგის  სერტიფიკატებს.

ამავე თემაზე: 

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: