რუსთავში ქალთა კოლონიასთან პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) წარმომადგენლები მივიდნენ.
ეს იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი – პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სამი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი იანვრის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული ბრალდებების საფუძველზე.
ხვალ, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.






