„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით.
„პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც ბოლო თვეებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – პროტესტის მონაწილეთა დაკავება და მათ წინააღმდეგ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების წარმართვა.
ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი.
2024 წლის ნოემბერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათეულმა თანამშრომელმა სასტიკად იძალადა ზვიად რატიანზე, მაშინ, როცა ის ხელებაწეული იდგა და წინააღმდეგობასაც არ უწევდა თავდამსხმელებს, რაც შესანიშნავად ჩანს ვიდეოში. ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე.
სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.
მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით.
როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება. შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 64-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი აწერს. ხელმოწერები განახლებადია.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმავე მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით.
ამავე თემაზე:
სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე






