მთავარი,სიახლეები

დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში

31.05.2025
დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მაისს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სამინისტროს მედალიონით ქალი პოლიციელი მარიამ კერესელიძე დააჯილდოვა.

„განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე,“ – ამ ტექსტის ფონზე გადასცა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მას ჯილდო. 

მარიამ კერესელიძე შსს-ს იურისტია და ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე შსს-ს წარმოადგენს სასამართლოებში.

თეა ლაღიძესთან ერთად მარიამ კერესელიძე ბრალმდებელია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშიც. თეა ლაღიძე კი ის ქალი პოლიციელია, რომელიც მზია ამაღლობელის დასჯას მსუსხავი ეფექტით ითხოვდა. სწორედ ამ ორმა ქალმა პოლიციელმა გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულება.

შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საერთაშორისო ექსპერტიზით დაადგინეს. ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა 29 მაისს წარუდგინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ექსპერტიზის პასუხის შედეგად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროცესი 19 ივნისამდე გადადო.

ინფორმაციული უსაფრთხოების და რევერსული ინჟინერიის კვალიფიციური ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი [ვიდეო] კადრი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული კადრი, ასახავს ერთსა და იმავე მოვლენებსა და პირების ქმედებებს“.

საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში, რომელშიც შსს მას პოლიციელების შეურაცხყოფას ედავება, შსს-ს იურისტებმა, მარიამ კერესელიძემ და თეა ლაღაძემ წარადგინეს ვიდეოები, რომელიც 12 იანვრის მოვლენებს ასახავს და კავშირი არ აქვს 11 იანვარს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან.

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, საღამოს 11 საათისთვის. დაახლოებით 1 საათში ის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებიდან მალევე, 12 იანვარს, 00:52 წუთზე დააკავეს.

ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილ ვიდეო კადრებში ასახულია 12 იანვრის მოვლენები, როდესაც მზია ამაღლობელის თვალწინ მისი ორი ახლობელი დააკავეს. შემდეგ ის მოჰყვა ჭყლეტაში, დაუზიანდა მხარი და ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოხდა ცნობილი სილის გაწვნის ეპიზოდი, რის გამოც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

დააჯილდოვეს მარიამ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს გაყალბებული მტკიცებულებები წარუდგინა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად უკვე ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ საქმეს მოსამართლე დავით სირაძე 19 ივნისს განიხილავს.

ქალი ჟურნალისტის ადვოკატთა განცხადებით, „მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეყრდნობა პოლიციის მოხელეთა მიერ შედგენილ არაერთ ყალბ დოკუმენტს/მტკიცებულებას“.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: