ბოლო რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეებს მასობრივად აჯარიმებენ. ჯარიმა გამოუწერეს ბათუმის საპროტესტო აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა.
როგორ მოახერხებენ სტუდენტები ჯარიმის გადახდას, როცა 5 000 ლარი მათთვის რამდენიმე თვის ბინის, გზის, საკვებისა და ყოველდღიური ხარჯია?
20 წლის ელიზბარ ჩხიკვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლისთვის 31 იანვრის ღამეს. იმავე მიზეზით ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის 30-მდე მონაწილე დააჯარიმა.
„დღეს თითქმის ყველა სტუდენტს უჭირს საქართველოში. ცხადია, რომ რესურსი არ მაქვს ამ ჯარიმის გადახდის. მართალია, ვაგრძელებ სწავლას უნივერსიტეტში, თუმცა ხშირად ვეღარ მივდივარ. ჯარიმის ფული უნდა დავაგროვო და სამსახური დავიწყე.
ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე ვმუშაობ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გადავიხადო ჯარიმა, თორემ ყველაფერი დამებლოკება და გამეთიშება“, – გვითხრა სტუდენტმა.

ელიზბარ ჩხიკვაძე – ედო მჟავანაძის ფოტო
ელიზბარ ჩხიკვაძემ მუშაობა თევზის რესტორანში დაიწყო ბარმენის პოზიციაზე:
„მე ქირით ვცხოვრობ და ეს 5 000 ლარი მყოფნიდა ერთი წლის ქირის საფასურის დაფარვისთვის. მხოლოდ საკვებისთვის ნახევარ წელიწადს მაინც მეყოფოდა. ახლა ეს ჯარიმაც რომ დამემატა, პლუს ქირაშიც რომ ვცხოვრობ, ძალიან გამიჭირდა ეკონომიკურად და ამის გამო დავიწყე მუშაობა და სწავლისთვის ვეღარ ვიცლი. ჩემს ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დამეხმაროს.
აქამდე ვერ ვმუშაობდი სწავლის და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობის გამო. რა თქმა უნდა, აქციებზე ამის შემდეგაც ვივლი. ამით უნდოდათ, რომ შევეშინებინეთ, აქციებზე აღარ გამოვსულიყავით და ეს პროტესტი ჩაეხშოთ, მაგრამ – პირიქით. უფრო გავძლიერდებით, უფრო მხნედ ვიქნებით და ვიდგებით აქციაზე, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ მივაღწევთ.
ხელისუფლებამ მიაღწია მიზანს, ულუკმაპუროდ დაგვტოვა სტუდენტები, მაგრამ ვერ შეგვაშინეს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მშივრებიც და მოწყურებულებიც.
ჩემ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სწავლის უფლება წამართვეს. ვეღარ ვახერხებ, რომ სწავლის საფასური გადავიხადო და დიდი ალბათობით შემიჩერდება სტატუსი. ფული, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელად მქონდა, ახლა ამ ჯარიმის გადახდას უნდა მოვახმარო“, – გვითხრა ელიზბარ ჩხიკვაძემ.
ელიზბარ ჩხიკვაძე 12 იანვრის ღამეს, ბათუმის საპროტესტო აქციაზე დააკავეს კიდეც. მას მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზებრაზე გადასვლისთვის დააჯარიმეს ბსუ-ს კიდევ ერთი სტუდენტი, 24 წლის მათე ცენტერაძე. მათეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „სტენსილის გაკეთებასაც“ ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ქვემუხლით. ამ საქმეზე სასამართლო ჯერ არ არის ჩანიშნული.
„აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო, რაც საკმაოდ ადეკვატურია, მაგრამ… იურისტი ვარ პროფესიით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არის გამოსასწორებელი…
5 000 ლარი ნამდვილად არ გამოდის აღმზრდელობითი ფუნქციის მატარებელი სტუდენტისთვის, რომელსაც ალბათ ერთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ 5 000 ლარი გამოიმუშაოს და საერთოდ, ჩემს ოჯახსაც კი ერთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ 5 000 ლარი ჯარიმისთვის გამოიმუშაოს ქირასთან, კომუნალურებთან და სხვა ყოფით პრობლემებთან ერთად.
ეს წარმოუდგენელია. 30 ადამიანი დაგვაჯარიმეს ბათუმში და უმეტესი სტუდენტები ვართ, რომლებსაც შემოსავალი ან არ გვაქვს, ან გვაქვს მინიმალური, საარსებო“, – ამბობს მათე ცენტერაძე.
მათეს ოჯახი სოციალურად დაუცველია.
„მე მქონდა ხელფასი 800 ლარი და აქედან ქირას ვიხდიდი 550 ლარს. ასეთ მოცემულობაში, ალბათ 2 წელი დამჭირდებოდა ჯარიმის ფულის შესაგროვებლად. 5 000 ლარი ნახევარი წლის საჭმელია ჩემთვის მეტი თუ არა. ჩემი ოჯახი ჩემ დახმარებას ვერ შეძლებს.
აქამდე დაკავებულიც ვიყავი და ეს ყველაზე დიდი შიში იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც გადავლახე, იმიტომ, რომ ყოველთვის მეშინოდა იმ მარტოობის, რასაც ალბათ საკანში განიცდიან ხოლმე. თუ ამის გადალახვა მოვახერხე, ჯარიმა ვერანაირად ვერ გატეხს ჩემს ენთუზიაზმს, რომ ვიბრძოლო ჩვენი მომავლისთვის.
ამ ყველაფერმა ხალხის თანადგომის და ერთიანობის იმედი უფრო გამიჩინა“ – გვეუბნება სტუდენტი.

მათე ცენტერაძე
მათე ცენტერაძე 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
მისი თქმით, ყველა იმ ცვლილების მიზანი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა, სტუდენტებისა და აქციის მონაწილეების დაშინების მცდელობაა.
„ისინი საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უკვე დაგვაჯარიმეს ან ახლა დააჯარიმებენ, მარტო არ დარჩებიან.
ის ხალხი, ვინც საპროტესტო აქციებში ვიღებთ მონაწილეობას, სოლიდარულები ვრჩებით ერთმანეთის მიმართ და ერთიანი, ამიტომ არ მგონია, რომ ფინანსური პრობლემების შექმნა აქტივისტების მიმართ რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენდეს“ – ამბობს მათე.
კიდევ ერთი დაჯარიმებული სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, არჩილ ბერიძეა.
არჩილი ამბობს, რომ ის ჯარიმის გადახდის ერთადერთ გზად მოქალაქეების შემოწირულებას ხედავს. ამ თხოვნით მან, როგორც სხვებმა, პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე. სტუდენტი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდისთვის საჭირო თანხა, 5 000 ლარი ჯერ არ შეგროვებულა, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ შეგროვდება.
„ახლა არ ვმუშაობ, რადგან ბოლომდე საპროტესტო პროცესში ვარ ჩართული და ფიზიკურად შეუძლებელი ხდება… მე თან ვსწავლობ“, – ამბობს სტუდენტი და ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დასაქმებულების საშუალო ხელფასზე. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც ვერ მოახერხებდა საკუთარი ძალებით ჯარიმის გადახდას, თუ ექნებოდა სამსახური, რადგან ხელფასი ყველგან მცირეა, განსაკუთრებით კი – სტუდენტებისთვის.
„5 000 ლარი ალბათ 8-9 თვის კვების ფულია ჩემთვის. აქამდე მიმტანად ვმუშაობდი. ხელფასი არ იყო შესაბამისი, ძირითადად „თიფსებზე“ ვიყავი დამოკიდებული.
მცირე დანაზოგი მქონდა და იმით ვირჩენდი თავს. ფონდებიც დამეხმარნენ – სწავლის საფასური გადამიხადეს და ქირის გადახდაშიც დამეხმარნენ.
ჩემი ოჯახი ფიზიკურად ვერ დამეხმარება, ეს შეუძლებელია. როცა ვმუშაობდი, პირიქით, მე ვეხმარებოდი.
დედამ ინსულტი გადაიტანა და მწოლიარეა, მკურნალობა სჭირდება და ამიტომ“, – გვითხრა არჩილმა.

არჩილ ბერიძე
სტუდენტის თქმით, მის შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მიაღწია მიზანს, მისი შეშინება ვერ შეძლო:
„თითქმის ყოველდღე დავდივარ აქციებზე. ჩემი აზრით, ჩვენმა დაჯარიმებამ ცოტათი იმოქმედა სხვებზე, იმიტომ, რომ სტუდენტობის ჩართულობა ცოტათი შემცირდა, ვიდრე აქამდე იყო. ცემა-ტყეპამ, ძალადობრივმა გზებმა არ გაამართლა პროტესტის მუხტზე, მაგრამ ფინანსურმა წნეხმა იმოქმედა“, – ამბობს სტუდენტი.
მას ფონდების დაყადაღების შესახებაც ვკითხეთ.
„ამ სიტუაციაში ფონდების დაყადაღება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ყველა გაგვიმეტა რეჟიმმა, სტუდენტებიც, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები…
ფონდების დაყადაღება შესაძლოა სიკვდილისთვის გაწირვაც იყოს, იმიტომ, რომ ერთადერთი გზა იყო დახმარების სათხოვნელად“, – გვითხრა არჩილ ბერიძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით აქციის მონაწილეებზე გზის სპონტანურად გადაკეტვის მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს.
საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქზე გამოეხმაურა საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა:
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.
5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.
ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება.
თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველდღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“ – დაწერა ფეისბუქზე ნონა ქურდოვანიძემ.






