მთავარი,სიახლეები

პოლიციელს, რომელმაც შვილის თანდასწრებით ცოლს სცემა, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო

07.03.2025
პოლიციელს, რომელმაც შვილის თანდასწრებით ცოლს სცემა, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა.

გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11¹, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აგრძელებს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: