გერმანიას საქართველოს დასახმარებლად წლების განმავლობაში 1.5 მილიარდზე მეტი ევრო აქვს დახარჯული.
მათ შორის მილიონებია დახარჯული საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად და ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ბოლო წლებში რამდენჯერმე, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა.
მაგალითად, 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, გერმანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.5 მილიონი ევრო გამოუყო, გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი შეისყიდეს.
გასულ წელს გერმანიის მთავრობის დახმარება უფრო მასშტაბური იყო. 2024 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი და ტექნიკა გადასცეს.
გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 33 წლის წინ დამყარდა. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ბუნდესვერსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის.
ბოლო 22 წელია ბუნდესვერი მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას.
ამ მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალმხრივი დახმარება გაეწია. მაგალითად, შეიქმნა სერჟანტთა სკოლა, თავდაცვის სამინისტროს გადაეცა სამხედრო მასალები, ტრანსპორტი და სხვა მოწყობილობები.
გერმანიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოძიებულ ინფორმაციას ბოლო წლებში როგორ და რა ფორმით დაეხმარა გერმანიის ფედერაციული მთავრობა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
- 2016 წელი
2016 წლის 29 დეკემბერი, გერმანიის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი 24 სატვირთო მანქანა გადასცა.
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პირადად ჩაიბარა ტექნიკა.
სატვირთო მანქანები აღჭურვილი იყო მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 400 000 ევროს შეადგენდა.
რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან საქართველომ 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ გერმანული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში საქართველოს თავდაცვის მინისტრს გადასცემს საჩუქარს, 400 000 ევროს ღირებულების 24 სატვირთო მანქანას
2016 წელი, 30 დეკემბერი
„ეს საჩუქარი რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის [რქბ-თავდაცვის] საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა გერმანიის მხარე ვალდებულებას იღებს, მოამზადოს შესაბამისი ქართული ასეულის სამხედროები რქბ-თავდაცვის სფეროში და ასწავლოს მათ გადაცემული აღჭურვილობის გამოყენება.
ამით საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომლის გამოყენებაც არა მარტო სამხედრო სფეროში, არამედ სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების დროს შეიძლება, მაგალითად განსაკუთრებით მიუვალ ადგილებში გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში.
გერმანია და მისი შეიარაღებული ძალები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი ნატოში ინტეგრაციის გზაზე,“ – წერია გერმანიის საელჩოს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- 2017 წელი
2016 წელს შეიქმნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა – DIB, რომელიც არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი.
გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის ლიდერი ქვეყანაა.
სკოლის დაარსების დღიდან გერმანელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ DIB-ის განვითარების პროცესში. ამავდროულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო სკოლის ძირითადი ფინანსური კონტრიბუტორი, კერძოდ, გერმანიამ 740 ათასი ევროთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.
- 2020 წელი
2020 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი შეისყიდეს.
ტექნიკის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ტექნიკის გადაცემას ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის Enable and Enhance Initiative-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს.
- 2024 წელი
2024 წლის 18 იანვარს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფისათვის განკუთვნილი ტექნიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის „პარტნიორების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში შეისყიდეს.
„გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროშიც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში ნატოს-თან დაახლოების გზაზე,“ – ვკითხულობთ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. 2024 წლის 18 იანვარს ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ერთად დაათვალიერეს.
გარდა თავდაცვის სფეროში გაწეული მრავალმილიონიანი საგრანტო დახმარებისა, გერმანიის მთავრობა სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოს სხვა სფეროებშიც.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ საქართველოსთან შეაჩერა 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები.
„ხელისუფლება არ რეაგირებს საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებასა და პროტესტების დარბევაზე. შევაჩერეთ ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება,” – დაწერა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.


