მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენი „ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით

04.02.2025
ომბუდსმენი „ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით

სახალხო დამცველი ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.

„წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვის დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ოცნებას“ მორიგი რეპრესიული კანონები შემოაქვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: