მთავარი,სიახლეები

“შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება” – ჟურნალისტების პროტესტი ბათუმში

08.12.2024
“შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება” – ჟურნალისტების პროტესტი ბათუმში

„შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება“, „მედია მტერი არ არის, მტერი რუსეთია“, „ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობა დაუშვებელია“, „ნუ გეშინიათ კამერის და მიკროფონის, არ კლავს“, „შეწყვიტეთ დეზინფორმაცია“, – ეს იყო ის გზავნილები, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა.

ჟურნალისტებთან ერთად მედიაზე ძალადობა გააპროტესტეს პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მოგვიანებით ევროპის მოედანზე ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგები მივიდნენ მედიისთვის მხარდაჭერის გამოსახატად.

„სოლიდარობა ჟურნალისტებს“, „სოლიდარობა ოპერატორებს“, „გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია“, „სოლიდარობა თავისუფალ მედიას“ – ეწერა პედაგოგების მიერ გაშლილ ბანერებზე, რომლითაც ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

7 დეკემბრის საღამოს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ჟურნალისტსაც და ოპერატორსაც ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

ტვ პირველის ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდამსხმელები იყვნენ მმართველ გუნდის ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დღეს საღამოს სუს-ში მოაბილიზეს პროევროპული მომიტინგეების ცემის მიზნით. მანამდე რამდენიმე სხვა ადამიანმა თქვა, რომ ეს “ტიტუშკები” გამოეკიდნენ ევროკავშირის დროშის მქონე მომიტინგეებს.

სწორედ მათ გადაღებას ცდილობდა ტვ პირველის ჯგუფი, როდესაც მათ თავს დაესხნენ.

საქართველოში პროევროპული აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

28 ნოემბრიდან დღემდე, 11 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე სცემეს, ხელი შეუშალეს ან სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენეს 80-ზე მეტ ჟურნალისტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: