დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.
შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა.
რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. ამ მიზეზით ხულო 1-ელ საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი დაიწერა. საჩივრების შინაარსებიდან ჩანს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 რეგისტრატორები გადასცემდნენ რამდენიმე ბიულეტენს ამომრჩეველზე, აქედან მე-4 რეგისტრატორმა ერთხელ ერთდროულად სამი ბიულეტენი გადასცა ერთ ამომრჩეველს.
ამავე უბანზე საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებელმა დაფიქსირდა კიდევ ერთი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ნაკადის მომწესრიგებელი, მითითების მიუხედავად არ ამოწმებდა მარკირებას. რის გამოც უბნის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა რეგისტრატორებსა და ნაკადის მომწესრიგებელს.
__
მთავარი ფოტო: წარწერა ვერიფიკაციის აპარატზე: „ამ უბანზე ამომრჩეველი უკვე ნამყოფია“






