2024 წელს „ოცნებამ“ 14 მილიონ 515 407 ლარი შეაგროვა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ამას დაემატა ის თანხაც, რომელსაც „ოცნება“ როგორც კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან იღებს. შემოწირულების ჯამით სხვა პარტიები 2 მილიონ ლარზე ვერ ავიდნენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა საერთოდაც რომ დავივიწყოთ, „ოცნების“ ფინანსური უპირატესობა წინასაარჩევნო კამპანიისას 12 მილიონ ლარზე მეტია.
შედარებით მეტის შეგროვება შეძლეს კოალიციებმა ჯამურად მათი შექმნის დღიდან დღემდე.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიღებულმა თანხამ კოალიციის შექმნიდან დღემდე 6 მილიონ 648 286 ლარი შეადგინა. აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ კოალიცია 4 პოლიტიკურ ჯგუფს აერთიანებს – ლელო, ანა დოლიძის ხალხისთვის, „თავისუფლების მოედანი“ და მოქალაქეები.
კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი“ – „რესპუბლიკელებთან“ ერთად 6 მილიონ 746 792 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ 1 მილიონ 939 016 ლარი შეაგროვა. ეს კოალიცია აერთიანებს ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ევროპულ საქართველოს“.
„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, მცდელობის მიუხედავად პარტიამ კოალიცია „ლელოსთან“ ვერ შექმნა. 2024 წლის იანვრიდან დღემდე ყოფილი პრემიერის პარტიამ 282 484 ლარი შეაგროვა.
ამ მონაცემებში არ შედის თანხები, რომლებიც პარტიებმა კოალიციის მიღმა ცალკე მიიღეს, თუმცა ეს თანხა არც ისე დიდია.
სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორებმა „ოცნების“ ყულაბის წინასაარჩევნოდ შესავსებად ამჯერადაც გამოიჩინეს თავი, მათ არც მშენებლები ჩამორჩნენ. ახალი არაფერია იმაში, რომ მას ვინც მაღალბიუჯეტიან ტენდერს იღებს არჩევნებზე დამკვეთის, „ოცნების“ წინაშე ანგარიშვალდებულებას ახსენებენ. ასევე მშენებელსაც, ვინც ქალაქში სარფიან ადგილზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის შეძენა შეძლო და ნებართვაც მიიღო მშენებლობის იმ პარამეტრებზე, რაც მას სურდა.
საქართველოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით, როცა ამომრჩევლის გადასახადებით შეგროვილ ფულს კონკრეტული პროექტისთვის ტენდერის გავლით ხარჯავენ, შემსრულებელს ეუბნებიან, რომ ანგარიშვალდებულია დამკვეთთან, ანუ, „ოცნებასთან“. სინამდვილეში კი დამკვეთი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ამომრჩევლის ფულს, ანუ ბიუჯეტს ხარჯავს.
- რეკლამაში გადახდილი მილიონები
ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, „ოცნებამ“ პოლიტიკური რეკლამისთვის 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე პერიოდში 4 მილიონ 650 000 ლარი დახარჯა, ხოლო 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიდევ – 3 მილიონ 684 623 ლარი, რაც ჯამში რვა მილიონზე მეტია. იგივე პერიოდში კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ რეკლამის ხარჯი 4 მილიონ 487 579 ლარია, აქედან 2 მილიონ ლარზე მეტი სატელევიზიო ხარჯს შეადგენს.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 550 760 ლარი დახარჯა. კოლაიციამ „ცვლილებებისთვის“ კი – 1 მილიონ 819 403 ლარი.






