განათლება,მთავარი,სიახლეები

ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას

27.09.2024
ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი  შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.

ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10  სამუშაო დღე აქვს“ – განცხადებას ილიაუნი უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

ექსპერტთა შეფასების დოკუმენტი, სადაც ილიაუნს ყველა კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს მიღებული.

განცხადება დღეს, 27 სექტემბერს, 13:42 საათზე გამოქვეყნდა.

ილიაუნი აქვე ასაჯაროებს ექსპერტთა შეფასებების დოკუმენტსაც, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტს დადებითი შეფასება აქვს მიღებული ყველა კომპონენტში, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მათ ავტორიზაცია არ მისცა.

ავტორიზაციის საბჭო 2024 წლის 6 მარტს ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომლის შემადგომლობაში არიან შედეგი პირები:

ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

საბჭოში მე-16 წევრად შედის თამარ იოსელიანი, რომელიც შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, საბჭოს წევრებიდან რამდენი ესწრებოდა ავტორიზაციის სხდომას.

____________

ამ თემაზე:

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: