სიახლეები

„უფრო ბუნდოვანი გახდა, ინერტულ მასალებს რა კვალიფიკაციით მოიპოვებენ“ – აქტივისტები ხულოში

05.09.2024
„უფრო ბუნდოვანი გახდა, ინერტულ მასალებს რა კვალიფიკაციით მოიპოვებენ“ – აქტივისტები ხულოში

„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – მასალის მოპოვების სამუშაოები ჩატარდეს გარემოს წინასწარ სრულფასოვანი კვლევების შემდგომ მაღალკვალიფიციური გეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მოხდეს უკვე დაზიანებული არეალების კონსერვაცია!“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ გავრცელებულ განცხადებაში.

აქტივისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 2 სექტემბრის ამ განკარგულებით, უფრო მეტად ბუნდოვანი გახდა რა კვალიფიკაციით და კომპეტენციით მოხდება ხულოს მუნიციპალიტეტში ინერტული მასალის მოპოვება.

სამწუხაროა, რომ სრულად უგულებელყოფილია ჩვენი საინიციატივო ჯგუფის და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოთხოვნები კანონის გვერდის ავლით და თვითნებურად უკვე განხორციელებული სამუშაოების შედეგების გეოლოგიური კვლევებთან და ლოკაციების კონსერვაციასთან დაკავშირებით.

ჩვენი ჯგუფის პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლის შედეგად მწვანე ტბის მიმდებარედ ამ ეტაპისთვის ინერტული მასალის ვანდალურად მოპოვება შეჩერებულია და გაცემული განკარგულების მიხედვით, მომავალი სამუშაოების არეალი მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს,“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას 103 ლარი უნდა გადაიხადოს [ანუ, 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში – 3 ლარი].

მთავრობის ახალი განკარგულებით, მონიშნული ადგილები ემთხვევა იმ ლოკაციებს, სადაც აქამდეც უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას. გეოლოგის, გიორგი ბერიძის განმარტებით, ამ ჩამონათვალში აღარაა ინერტული მასალის მოპოვების ის ლოკაცია, რომელიც უშუალოდ მწვანე ტბასთან არის ახლოს.

მას შემდეგ, რაც ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები თითქოს შეჩერდა, თუმცა, „ხულო და მისი პერსპექტივების“ მიერ მოწვეული გეოლოგის, გიორგი ბერიძის შეფასებით „ზიანი უკვე გამოუსწორებელია, რაც გააქტიურებს მეწყრულ პროცესებს“. გეოლოგის აზრით, ამ ადგილებში ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია არც შეიძლება გაცემულიყო.

ამ თემაზე:

ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: