მთავარი,სიახლეები

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

13.07.2024
„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული.

ამ განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მოთხოვნის თაობაზე ბათუმის მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აცნობა:

„საინვესტიციო ტერიტორიის კონფიგურაცია განლაგებულია იმგვარად, რომ მასზე წვდომა შეუძლებელია ბათუმში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე. ამჟამად „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დგას უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს აღნიშნული ტერიტორიების გავლით“.

როდესაც თორნიკე რიჟვაძემ საინვეტიციო  ტერიტორიაზე მიუთითა, გულისხმობდა ზღვაში დარეგისტრირებულ ნაკვეთს, რომელიც მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადასცა იმ პირობით, რომ აქ ხელოვნურ კუნძულს ააშენებენ.

ნაკვეთი კი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მერიასთან შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკრებულოს თანხმობით კომპანიამ 2024 წლის მარტში დაირეგისტრირა 2022 წელს მოითხოვეს.

რაც შეეხება იმას, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დგას უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს აღნიშნული ტერიტორიების გავლით“ – ადგილზე ამ დროისთვის არსებული ვითარებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოატყუეს, რადგან ამ ადგილზე კომპანია საინფორმაციო ცენტრს აშენებს. როგორც ჩანს, გასავლელის პრობლემა სულაც არ არის.

1 ლარად მიღებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია მოგრძო ფორმის ერთსართულიან შენობას აშენებს. „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოჩა კამკიას ინფორმაციით, აქ  კუნძულის საინფორმაციო ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ.

ადგილზე სამშენებლო საინფორმაციო ბანერი გამოკრული არ არის, არც კომპანიის დირექტორი გოჩა კამკია პასუხობს კითხვას, შეთანხმებულია თუ არა ეს მშენებლობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გადაცემულ ნაკვეთზე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ამბასადორმა უნებართვოდ, შესაბამისად უკანონოდ დაიწყო. თუმცა „ამბასადორისთვის“ ეს პრაქტიკის ნაწილია, როცა ბათუმში მშენებლობას უნებართვოდ იწყებს, ან უკანონო სართულს ამატებს, ნებართვას კი პოსტფაქტუმ იღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: