მთავარი,სიახლეები

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

05.06.2024
„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.

„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

ვინ არის სიაში და როდის გადასცემენ ბინებს დარჩენილ 581 ოჯახს, ეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ზუსტად არ იციან.

ვადები ვერც ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიზუსტეს: „ამ  ოჯახებთან სამინისტრო ამყარებს კომუნიკაციას და ბინები მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით კი შემდეგ ცალკე დავუკავშირდებით. დღეს სიმბოლურად გადაეცა გასაღები ერთ ოჯახს. ამდენი აქტივობა ერთად ვერ მოხერხდებოდა ერთ დღეს“.

აჭარის მთავრობა არ ასაჯაროებს იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ბინები უნდა გადასცენ.

ოჯახების სიას კი, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემდნენ ბინებს, აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ადრეც ითხოვდნენ; ასევე ითხოვდნენ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებასაც, თუმცა მთავრობას არც სია გადაუცია ამ ოჯახებისთვის და არც ხელშეკრულებები გაუფორმებია. მოსახლეობა პერიოდულად აქციებსაც მართავდა ამ მოთხოვნებით. ვარაუდობდნენ, რომ მათ ბინებს წინასაარჩევნოდ მაინც გადასცემდნენ.

ვრცლად: ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა. სამუშაოები კი 2023 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.

ვრცლად: „ოცნების ქალაქში“ კორპუსებს ვალაგებთ – მშენებელი კომპანია

როგორც ადრე „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვწერეს: „აჭარის მთავრობის განკარგულებით, 2019 წელს შეიქმნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების [ე.წ. „ოცნების ქალაქი“] მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა იმავე წელს დანომრა 1 726 საცხოვრისი, ხოლო წარმოდგენილი განცხადებებიდან რეგისტრაცია გაიარა – 1 607-მა ოჯახმა.“

582 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების შემდეგ „ოცნების ქალაქში“ ბინის მოლოდინში 1 025 ოჯახი დარჩება.

ამ ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება კი, სამომავლოდ „ოცნების ქალაქის“ არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული.

ამ თემაზე:

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: