მთავარი,სიახლეები

შეუძლებელია 100 ათასობით თანამემამულეს უწოდო აგენტი – მართლმადიდებელი სასულიერო პირი

27.04.2024
შეუძლებელია 100 ათასობით თანამემამულეს უწოდო აგენტი – მართლმადიდებელი სასულიერო პირი

მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ილია ჯინჯოლავა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპის და ევროკავშირის კრიტიკას, ასევე რუსული კანონის განხილვას ფეისბუქში გამოეხმაურა.

„მხოლოდ ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის შინაურებს, ასე საჯაროდ მოგმართავთ: თუ თქვენ გსურთ, რომ მე, ილია (ირაკლი) ჯინჯოლავას, ქრისტეს ერთ რიგით მღვდელს, მიწოდოთ აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყო მომაწებოთ, როცა მე რაღაცას მწარედ ვწერ ამის საწინააღმდეგოს, ნუ გეწყინებათ, ნურც ჩემს ოჯახის წევრებს შეაწუხებთ ამის გამო, რომ თითქოს მე „რა დღეში ვარ”…

ეს იარლიყი რომ მარტივი ასატანი არაა და პიროვნულ შეურაცხყოფაზე მეტია, ამას რომ აცნობიერებდეთ, არ იქნებოდით იმ მხარეს, სადაც ხართ.

დიახ, ეს მეც მეხება…

რადგან საჯაროდ ვწერ ამას, აქვე განვმარტავ:

12 წელი მაქვს ევროპაში გატარებული, მათგან მრავალი სიკეთე მიღებული სწავლა-განათლების კუთხით – ჯამში 7 უნივერსიტეტში ნასწავლი, არავის ჩემთვის არასდროს რაიმეს სანაცვლოდ არ გაუწევია ეს დახმარება, არამედ იმისთვის, რომ მომეხმარა ეს საკუთარი ხალხისათვის, რასაც შეძლებისგადვარად ვახერხებ კიდეც დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში/სტამბოლში და მთელს თურქეთში, მრავალათასიანი ქართული თემისთვის.

სამწუხაროდ, ეს პროცესი, დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ნუ გავხდებით მტრის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ერთმანეთი ასე მოვიძულოთ“, – წერს სასულიერო პირი.

მისი თქმით, შეუძლებელია საუბრობდე ღირსებაზე და ამავდროულად იყო პარტიული მონა-მორჩილი – „ერთი კაცის ნების უსიტყვოდ ამსრულებელი“.

„შეუძლებელია საუბრობდე სარწმუნოებაზე, რომლის ინსტრუმენტალიზებასაც ახდენ და შენი პარტიული ინტერესების იარაღად გამოყენება გსურს. ამავდროულად რაიმე საერთო გქონდეს ცოცხალ ქრისტეს რწმენასთან, რომელიც ყოველთვის ადამიანის სამსახურში დგას.

შეუძლებელია იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, საუბრობდე მის სუვერენიტეტზე და შენი თანამემამულეების ძალიან დიდი ნაწილს აცხადებდე აგენტად და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად, ახდენდე რა მათ სტიგმატიზირებას – 100 ათასობით ადამიანისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებში, და ამავდროულად მთელი 12 წლის განმავლობაში ერთი მტრული ქვეყნის, რუსეთის აგენტი არ გყავდეს გამოვლენილი და ამაზე საერთოდ არ გქონდეს პრეტენზია და ხმა ამოღებული.

კიდევ ბევრი რამე არის შეუძლებელი თქვენთვის“, – წერს ილია ჯინჯოლავა, სასულიერო პირი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: