მთავარი,სიახლეები

„ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე“ – დეპუტატი

16.04.2024
„ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე“ – დეპუტატი

„არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე. რუსეთის სიძულვილით გაერთიანებული საქართველო მათთან ერთად დაგასრულებთ თქვენ, როგორც ბოლშევიკური კანონის შემოქმედებს,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ პარლამენტს, სადაც რუსული კანონი განიხილება.

„თქვენი კანონი, სახელწოდებით – უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ადამიანების გამჭვირვალობა – არ არის ახალი მოგონილი ტერმინი: თუ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვინმე გვყავს საამაყო, ყველა ამ მუხლით გახლავთ გასამართლებული და დახვრეტილი, ყველა უკლებლივ. არცერთი დიდი სახელი არ დარჩენილა საქართველოს ისტორიაში, ვისაც წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი იარლიყით იყვნენ ადამიანები „გაშავებული“ იმ პერიოდში, როცა მათთვის განაჩენი გამოჰქონდათ.

მაგალითისთვის მინდა გკითხოთ: ფსევდონიმი „ოტელო“ ვისი ფსევდონიმი გახლდათ? – ეს იყო სანდრო ახმეტელის ფსევდონიმი. დღეს ადამიანები, ვისაც თქვენ აბულინგებთ და თეატრის სცენებიდან მიმართავენ ქართულ საზოგადოებას ქართული ინტერესების დაცვისთვის, ეს ადამიანები გახლავთ სანდრო ახმეტელის მემკვიდრეები.

ნებისმიერი მუსიკოსი, რომელიც გამოდის და საქართველოს იცავს რუსული ინტერესებისგან, გახლავთ დახვრეტილი, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი იარლიყით გაშავებული ევგენი მიქელაძის მემკვიდრე.

ნებისმიერი ექიმი, რომელიც დგას მოედანზე და იცავს საქართველოს ინტერესებს, გახლავთ გოგი ელიავას მემკვიდრე.

ნებისმიერი ინჟინერი, რომელიც იცავს ახლა საქართველოს მემკვიდრეობას, გახლავთ ჯიქიას მემკვიდრე.

ნებისმიერი სამღვდელო პირი, რომელიც იცავს დღეს საქართველოს რუსული გავლენებისგან, არის პავლე დაშნიანის, კირიონ საძაგლიშვილის, ამბროსი ხელაიას მემკვიდრე.

ბიოლოგიური ნათესაობა არ ნიშნავს არაფერს. არსებობს ასევე იდეური მემკვიდრეობა, რომელიც გვაიძულებს, გავერთიანდეთ ყველა და ვიდგეთ რუსთაველზე ქართული ინტერესების დასაცავად.

ნებისმიერი პოეტი, ნებისმიერი მწერალი, დღეს გახლავთ უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი კი არა, პირდაპირი მემკვიდრე მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლოზ მიწიშვილის, მიხა ხელაშვილის.

ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც დღეს იცავს ქართულ ინტერესს და ეროვნულ ინტერესს, არის შალვა ერისთავის მემკვიდრე – ადამიანის, რომელიც დახვრიტეს საქართველოს ინტერესების დაცვისთვის რუსეთთან წინააღმდეგობის დროს.

ნებისმიერი იუნკერი, რომლებიც ქაშვეთის ეკლესიიდან გაასვენეს, დღეს მათი მემკვიდრეები დგანან და საქართველოს ინტერესებს იცავენ. გენერლები, ბატონებო: მაზნიაშვილი, ჩოლოყაშვილი, კვინიტაძე, მათი მემკვიდრეა ყველა ჯარისკაცი და ყველა პოლიციელი, რომელიც დღეს დაიცავს ქართულ ინტერესს და ხელს არ აღმართავს ევროპული მომავლის დამცველების წინააღმდეგ.

ამიტომაც, ნებისმიერ თქვენ მავნე გამოვლინებას, რომელიც იძულებულს ხდის ქართულ საზოგადოებას, შეიკრიბოს რუსთაველზე, აქვს ერთადერთი სიკეთე: თქვენ თავიდან გვანახებთ საქართველოს, რომელიც გვაიძულებს, გავიხსენოთ დიდი ქართველის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები, რაც აი, ამ ტრიბუნიდან ითქვა: „განთიადია, გრძნობს ეს გული. გრძნობს ეს ტვინი, განთიადია, ადამიანო, გაიგეთ!“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ენმ-დან.

_____________________________

რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

______

ამავე თემაზე: 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: