მთავარი,სიახლეები

ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს

15.04.2024
ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

კომიტეტის სხდომაზე მყოფ პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „რუსული კანონის“ ხსენებაზე მიკროფონს უთიშავს და არ აცდის სიტყვის დასრულებას.

„ეს კანონი, რუსული კანონი ….“ – ოხანაშვილმა სიტყვა არ დაასრულებინა და მიკროფონი გაუთიშა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ რუსული კანონი სწორედ სამოქალაქო სექტორს ეხება, ამიტომ ამ სხდომაზე უნდა ყოფილიყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კრიტიკული მედია, მათ კი არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

„მე მითიშავთ მიკროფონს, მაშინ როცა შეურაცხყოფას აყენებენ თქვენს კოლეგას და იმ ადამიანებს შენიშვნასაც არ აძლევთ. ეს რუსული კანონი, დიახაც…“- ოხანაშვილმა ისევ გამოურთო მიკროფონი ხატია დეკანოიძეს.

„გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა რუსული კანონი და…“- ოხანაშვილმა არც ანა ნაცვლიშვილს დაასრულებინა წინადადება, ისე გამოურთო მიკროფონი.

ოხანაშვილმა სიტყვა რუსულის ხსენებაზე მიკროფონი გამოურთო თინა ბოკუჩავასაც. „თქვენ არ გაქვთ ცენზორის…“- არც ეს წინადადება დაასრულებინა ოხანაშვილმა ბუჩუკურს.

„თქვენ აგრძელებთ ჩემს შეფასებას, ჩამოგერთვათ მიკროფონით სარგებლობის უფლება“ – უთხრა ოხანაშვილმა ბუჩუკურს.

„რუსულს თუ ვინმე ახსენებს, მიკროფონს ვთიშავო, რომ ამბობთ, რეგლამენტის მუხლი რომ მიმითითოთ სად წერია ის, რომ თქვენ გაქვთ მიკროფონის გათიშვის უფლება და ეს ერთი, როგორც იურისტს ის გეკითხებით და მეორე, ცენზურას ხომ არ აწესებთ …“- არც თეონა აქუბარდიას დაასრულებინა სიტყვა ოხანაშვილმა.

„ძალიან კარგად იცით რა კანონზეა საუბარი, რადგან ამას მოწმობს თქვენი მართლა დეზინფორმაციული პლაკატები, რომლითაც გადაავსეთ მთელი საქართველო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინიციირებული რაც არის, ე.წ რუსული კანონი…“ – სიტყვის დასრულება არ აცადეს დეპუტატს ბექა ლილუაშვილსაც და მიკროფონი გამოურთეს.

შემდეგ ჩართვაზე მან ოხანაშვილს მიმართა. „აბსოლუტურად ზღუდავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამ დარბაზში. სირცხვილია უბრალოდ. რა არის ეს მიკროფონის გათიშვა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მზად ხართ ეს კანონი შეცვალოთ ანტირუსულად, განსაზღვროთ კონკრეტული, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, როგორიც არის: რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი სახელმწიფო და თუ იქნება ეს კანონი მიმართული მათკენ, რომლებიც არ აღიარებენ ამ ქვეყნის მთლიანობას და რეალურად გამოავლენს აგენტებს, ქვეყნის მოღალატეებს, ჩვენ მზად ვართ მართლა წარვუდგინოთ პარლამენტს ევროპული კანონი, რომელიც ავლენს მოღალატეებს ქვეყანაში, ამაზე მზად ვართ“ – თქვა ლილუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის ახლო ხედით ფოტოების გადაღებასაც უკრძალავს ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ოპოზიციის წევრებმა კომიტეტს სხდომაზე ასევე დასვეს კითხვები იმაზე, თუ რატომ არ მისცეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ონლაინ მედიას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა რომ ეს არ არის სიმართლე და ყველა მიეცა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ვინც პარლამენტს მიმართა.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოხანაშვილს მოსთხოვა წარმოედგინოს სრული სია იმ მედიასაშუალებების, რომლებმაც აკრედიტაციისთვის მიმართეს პარლამენტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: