სიახლეები

ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

15.03.2024
ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ქედაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად დამწვარი სახურავის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 ათას 924 ლარი დაიხარჯება.

ქედის მერია სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს და შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული პერიოდი და ასევე ალბათობის გათვალისწინებით იმისა, რომ ტენდერი არ შედგეს, გამოიწვევს სამუშაოების განხორციელების დიდი დროით გადავადებას, აღნიშნული კი შეაფერხებს სამშენებლო სამუშაოების პროცესის წარმოებასაც, ვერ დასრულდება საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვა, რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მობინადრეებს.

ამდენად, ქედის მუნიციპალიტეტის [განაცხადში შეცდომით მითითებულია ქალაქ ფოთის – ავტ.] მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, – აღნიშნულია ქედის მერიის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთულ განაცხადში.

ქედის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა ხანძრის გამო, რომლის „შემდეგ მოხდა ადგილზე დათვალიერება, ზარალის შედეგების აღწერა, საორიენტაციო ღირებულების დადგენა, სახსრების მოძიება. მიმწოდებლის გამოვლენისათვის ჩატარდა ბაზრის კვლევა“.

ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 2024 წლის 27 თებერვალს გაჩნდა.

„ამჟამად ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან შენობის დასაცავად მოწყობილია ბრეზენტისა და პოლიეთილენის აპკის დროებითი საფარი, რომლითაც დროებითაც ვერ ხერხდება შენობის დაცვა. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა შენობის მეხუთე სართულზე“, – აღნიშნულია ქედის მერიის ერთ-ერთ დოკუმენტში.

შესყიდვების პორტალზე ქედის მერიის განაცხადის განხილვის ვადად 2024 წლის 20 მარტია მითითებული.

ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ხანძრის შემდეგ / ფოტო: ქედის მერია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: