მთავარი,სიახლეები

რას გეგმავს მერია ნურიგელის ტბის გადასარჩენად

06.07.2016
რას გეგმავს მერია ნურიგელის ტბის გადასარჩენად

„კვლევით დადასტურდა, რომ ტბას პრობლემას უქმნის დელფინარიუმიდან ჩამდინარე ზღვის წყალი. ამან გამოიწვია შედეგი, რაც გვაქვს,” – აღნიშნა ეკოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მერიაში მოეწყო. ბათუმის მერი რამდენიმე ექსპერტს და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. გიორგი ერმაკოვის თქმით, ნურიგელის ტბის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ მერიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული დასაბუთება, რის გაკეთებაა საჭირო.

სპეციალისტების თქმით, თუკი სწრაფად არ მოხდება რეაგირება, ტბას რამდენიმე დღეში ლაყე კვერცხის სუნი ექნება. „ფსკერზე არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი აღაა დარჩენილი, ყველაფერი დანახშირებულია“- თქვა არჩილ გუჩმანიძემ.

tba 2სპეციალისტების განმარტებით, ტბას თავდაპირველად სანიაღვრე არხი უერთდებოდა, რომლის გადაკეტვის შემდეგაც, მტკნარი წყლის ეკოსისტემა წარმოიქმნა, რაც დელფინარიუმიდან შემოსულმა მლაშე წყალმა გაანადგურა. არჩილ გუჩმანიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დელფინარიუმიდან ზღვის წყლის ჩადინება ტბაში იყო დანაშაული. უპირველესი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა გაააქტიურეს, დელფინარიუმის არხის ჩაკეტვაა, თუმცა მოახერხებს თუ არა ამას ტექნიკურად მერია, ჯერ უცნობია.

“ეს არის მოსაზრება, რაც მოვისმინეთ. თუკი მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, ტექნიკურად შესაძლებელია დელფინარიუმის წყალი ტბის ნაცვლად მიუერთდეს სანიაღვრე სისტემას და ზღვაში ჩავიდეს. ამ სისტემის მოწყობას ბუნებრივია დრო დასჭირდება” – ამბობს ბათუმელებთან” დავით ლეკვეიშვილი, ბათუმის დელფინარიუმის დირექტორი.

მერიამ მზადყოფნა გამოთქვა შეასრულოს სხვა რეკომენდაციები, როგორიაცაა ხელოვნური აერაცია, ანუ ტბის წყლის ჟანგბადით გამდიდრება და ტბაში თევზების გაშვება. სპეციალისტების მოთხოვნით, ასევე მკაცრად უნდა აკრძალოს თევზჭერა.

ბათუმის მერიამ დღვანდელ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ ტბას ამოტუმბავენ და ზღვაში ჩაუშვებენ. ასეთ შემთხვევაში, ტბა გრუნტის ახალი, ბუნებრივი წყლით შეივსება და არსებული ეკოსისტემა სრულად გაჯანსაღდება.

ამავე თემაზე: დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: