მთავარი,სიახლეები

„ერთი რაკეტით დამარხეს მთელი სოფელი“ – ხარკოვის ოლქში ქელეხი დაბომბეს

06.10.2023
„ერთი რაკეტით დამარხეს მთელი სოფელი“ – ხარკოვის ოლქში ქელეხი დაბომბეს

5 ოქტომბერს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსეთის დაბომბვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი.

რუსეთმა დაბომბა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია და კაფე, სადაც ქელეხი იმართებოდა და ათობით ადამიანი იყო თავმოყრილი. უკრაინული მედიის ცნობით, ქელეხზე შეკრებილები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცს, ანდრეი კოზირს გლოვობდნენ, როცა შენობას ჭურვი მოხვდა.

დაბომბვისას დაიღუპა გარდაცვლილი ჯარისკაცის ცოლი, ალისა და შვილები: დენისი და ლიზა.

უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს, რომ სოფლის მცხოვრებმა ოლგამ მათ აჩვენა დაღუპული ჯარისკაცის, ანდრეის და მისი ოჯახის ფოტო.

„ერთი რაკეტით დამარხეს მთელი სოფელი. სოფელში თითოეულ სახლს ახლა ექნება არა ერთი კუბო, არამედ ხუთი, სამი კუბო ერთდროულად… თითო-ოროლა დარჩა აქ. არავინაა. მთელი სოფელი იქაა [აფეთქების ადგილას] და მეშინია იქ წასვლის, იქ გახედვის“ – უთხრა ქალმა „ჰრომადსკეს“.

ფოტო: კადრი „ჰრომადსკეს“ ვიდეომასალიდან

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზას 5 ოქტომბერს დაახლოებით 13:25 საათზე დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იყო „ისკანდერის“ რაკეტა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ერთ-ერთ ადგილობრივ კოლაბორანტს განესაზღვრა რაკეტის „სამიზნე“.

ამავე თემაზე: 

რუსეთმა ხარკოვის ცენტრს დაარტყა, ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: